2019 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 47.7%-ით შემცირდა

REUTERS

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მიმდინარე ბალანსის უარყოფითი სალდო 47.7%-ით შემცირდა. მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 6.2% იყო, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 11.9%-ს შეადგენდა.

საქონლით ვაჭრობის დეფიციტი წლიურად 18.9%-ით შემცირდა - იმპორტი 12.5%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტმა 3.3%-ით მოიკლო.

მომსახურებით ვაჭრობის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 3.4%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 10.4%-ით. მომსახურებით ვაჭრობამ თითქმის დააბალანსა საქონლით ვაჭრობის დეფიციტი, რაც ტურიზმის სექტორის ზრდის დამსახურება იყო.

მიმდინარე ტრანსფერების, ანუ ფულადი გადმორიცხვების ბალანსის პროფიციტი 7%-ით შემცირდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კი, სებ-ის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის 6.6%-ს შეადგენდა.

რა არის მიმდინარე ანგარიშის ბალანსი?

მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ქვეყანაში ფულის შემოდინების და გადინების ერთ-ერთი მთავარი საზომია. კაპიტალისა და ფინანსურ ანგარიშებთან ერთად, მიმდინარე ბალანსი ქვეყნის საგადასახდელო ბალანსს შეადგენს. ჯამში, ეს ყველაფერი ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებს დანარჩენ მსოფლიოსთან.

მიმდინარე ანგარიშის ბალანსი სამ კრიტერიუმად იყოფა: პირველი საგარეო ვაჭრობის, ანუ საქონლითა და მომსახურების ექსპორტისა და იმპორტის ბალანსია. მეორე - შემოსული და გასული საინვესტიციო შემოსავლების ბალანსი. ეს, ერთი მხრივ, პლუსის სახით ასახავს ქართველი ინვესტორების მიერ უცხოეთში მიღებულ შემოსავლებს, მინუსით კი იმ შემოსავლებს, რაც უცხოელმა ინვესტორებმა მიიღეს საქართველოში. მიმდინარე ანგარიშის მესამე კრიტერიუმი ცალმხრივი გადარიცხვების და გადმორიცხვების ბალანსია. ამაში შედის როგორც უცხოური დახმარება და გრანტები, ისევე ჩვენი თანამოქალაქეების მიერ გადმორიცხული ფული მათი ახლობლებისთვის.

როგორც წესი, განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში, ეს უკანასკნელი გაცილებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგანაც მეტი ადამიანია მიდრეკილი უფრო მდიდარ ქვეყნებში ეძებოს სამუშაო და ამგვარად დაეხმაროს ოჯახის წევრებს სამშობლოში.

მიმდინარე ანგარიში მაშინაა უარყოფითი, როცა ამ სამი კრიტერიუმის დაჯამების შედეგად, ქვეყნიდან მეტი ფულია გასული, ვიდრე შემოსული.

კომენტარები