ლარის გაუფასურება

გვენეტაძე ლარზე: ასეთ დროს ჩარევა კონტრპროდუქტიულია

ტაბულა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტისთვის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან ეროვნული ვალუტის კურსზე ისაუბრა და თქვა, რომ ასეთ დროს ჩარევა კონტპროდუქტიულია:

"მოხდება თუ არა ეროვნული ბანკის ჩარევა და ინტერვენცია? ასეთ სიტუაციაში, ძალიან ბევრი ქვეყნების გამოცდილება გვეუბნება, რომ ამ დროს ჩარევა არის კონპროდუქტიული. ამან შეიძლება გადაავადოს მოკლევადიან პერიოდში და შემდეგ უფრო მეტი გახდეს საჭირო კურსის კორექტირებისთვის" - ამბობს გვენეტაძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სამომავლო პროგნოზებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ მცურავი კურსის პირობებში, მისი პროგნოზირება შეუძლებელია. გვენეტაძის თქმით, ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურების მიზეზი რუსეთიდან საჰაერო მგზავრობის აკრძალვის შემდგომ გაჩენილი უარყოფითი მოლოდინებია:

"დღევანდელ სიტუაციაში გამოიკვეთა ის ფაქტორი, რომელიც ამ ეტაპზე ლარის კურსს მოლოდინებით გადმოეცემა. დაანონსებული იყო ინფორმაცია, რომ შეხღდვა მოხდება ფრენების, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია უფრო ნაკლები რაოდენობის ტურისტი ჩმოვიდეს რუსეთიდან. სწორედ მოლოდინების არხით მოხდა გადაცემა კურსზე და აისახა კიდევაც მასზე" - განაცხადა გვენეტაძემ.

საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart წლის პირველი ნახევრის ეკონომიკურ შეფასებაში ამბობს, რომ ლარის სისუსტე ეროვნული ბანკის ნაბიჯებმა განაპირობა:

"ლარის სისუსტე მნიშვნელოვანწილად დაკავშირებული იყო ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვასთან, სხვა ისეთ ფაქტორებთანებთან ერთად, როგორებიცაა რეზერვების საჭიროება, ნეგატიური მოლოდინები, ლირას გაუფასურება და ა.შ." - წერია განცხადებაში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წელს უკვე 11 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამში 155 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.

შეგახსენებთ, რომ 27 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი კვლავ გაუფასურდა. დოლართან მიმართებით გაუფასურებამ 3.21 თეთრი შეადგინა, ევროსთან კი 4.02 თეთრი.

ამგვარად, 28 ივნისს ერთი აშშ დოლარი2.8791 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3.2758 ლარი. ეროვნული ვალუტისთვის ეს ისტორიული ანტირეკორდია.

კომენტარები