მამუკა ბახტაძე

ბახტაძე: ჩემი კომენტარი იმ მომენტში აჩვენებს, რომ არავინ არ გეგმავდა ძალის გამოყენებას

მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ 20 ივნისს ძალის გამოყენებას არ გეგმავდნენ და ამას მისი კომენტარი ადასტურებს:

"ჩემი კომენტარი იმ მომენტში ნათლად აჩვენებს რეალურ სიტუაციას და რეალურ განწყობას, რომ არავინ არ გეგმავდა ძალის გამოყენებას. მაგრამ მოვლენები იცვლებოდა ელვისებური სისწრაფით, რამდენიმე იერიში და შეტევა იქნა მიტანილი პოლიციაზე და იმ მომენტში, როდესაც დადგა ეს კრიტიკული მომენტი და პასიური კორდონი ვეღარ აკავებდა ამ აგრესიას პოლიცია იძულებული იყო გამოეყენებინა ის, რაც ჰქონდათ, ეს იყო ლეგიტიმური ძალა. რამდენიმე იერიში, რამდენიმე ფაზა იყო იერიში რაც განხორციელდა ამ აგრესიული ძალის მხრიდან ჩვენს პოლიციელებზე. ეს ვიდეოკადრებზე ძალიან კარგად ჩანს." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, აქციის დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ რეზინის ტყვიები და გაზი ქართული ოცნების ხელწერა არაა:

"სოციალურ ქსელებში და ნაციონალური მოძრაობის მართულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვიყენებთ რეზინის ტყვიებს, სხვადასხვა ტიპის გაზს და ა. შ. ქართული ოცნების ხელწერა ეს არასოდეს ყოფილა და არც არასოდეს იქნება, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებზე. ეს იყო ერთადერთი ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის ხელწერა, რითაც ის ქართულ საზოგადოებას დაამახსოვრდა. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ის დეზინფორმაციის კამპანია, რაც მიმდინარეობდა დღესაც და წინ უსწრებდა დღევანდელ დღეს, საერთო პროვოკაციის ნაწილია.

მინდა, დავარწმუნო საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ ჩვენ, თქვენთან ერთად, ამ გამოწვევას ღირსეულად გავუმკლავდებით ისე, რომ ქართული სახელმწიფო, ქართული დემოკრატია, ქართლი კონსტიტუცია გამოვიდეს კიდევ უფრო გაძლიერებული."

ამ კომენტარიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად სწორედ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, რის შედეგადაც 200-მდე ადამიანი დაშავდა.

კომენტარები