ლარის გაუფასურება

ფინანსთა მინისტრის მოადგილე: დღეს ლარის კურსი არარეალურად მაღალია, ამხელა არ უნდა იყოს

პარლამენტი

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, ეროვნული ვალუტის კურსი ასე გაუფასურებული არ უნდა იყოს და ლარის გაუფასურება უარყოფითმა მოლოდინებმა გამოიწვია:

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა შექმნა ის მოლოდინები, რომ ტურისტების ნაკლებობა იქნებოდა, რაც გამოიწვევდა კურსის გაუფასურებას. ეს მოლოდინები აისახა სავალუტო კურსზე და დღეს მე ვფიქრობ, რომ არარეალურად მაღალია ლარის გაცვლითი კურსი. მარკოეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე ამხელა კურსი ნამდვილად არ უნდა იყოს." - ამბობს მინისტრის მოადგილე.

კაკაურიძე ფიქრობს, რომ არსებული რყევები მოკლევადიანია. კითხვაზე, თუ როდის განეიტრალდება ეს ეფექტები, ფინანსთა მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ "ერთწლიან პერიოდში ამისი გარკვეული გადაბალანსება შეიძლება."

"მოსახლეობაში და არც მეწარმეებში არ არის იმ ოდენობით ჭარბი ლიკვიდური სახსრები რომ ყველა ერთიანად წავიდეს და გადაიყვანოს უცხოურ ვალუტაში მათი არსებული დანაზოგები. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მცირე დროითი იქნება ეს გაუფასურება, რაც ახლა გვაქვს და შემდგომ უკვე რაც იქნება რეალური მაჩვენებელი მაკროეკონომიკაში, ანუ რამდენადაც მოხდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კორექტირება და აისახება ეს რა თქმა უნდა სავალუტო კურსზე, ეს მცირე დროითი ეფექტი განეიტრალდება" - აცხადებს კაკაურიძე.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 27 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი კვლავ გაუფასურდა. დოლართან მიმართებით გაუფასურებამ 3.21 თეთრი შეადგინა, ევროსთან კი 4.02 თეთრი.

ამგვარად, 28 ივნისს ერთი აშშ დოლარი2.8791 ლარი ეღირება, ერთი ევრო კი 3.2758 ლარი. ეროვნული ვალუტისთვის ეს ისტორიული ანტირეკორდია.

კომენტარები