სერგეი გავრილოვი

გავრილოვი საქართველოში ჩამოსვლას კიდევ აპირებს

რუსთავი 2

Interfax-ის ცნობით, რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში ჩასვლას კიდევ აპირებს. 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის აპირებდა ის საქართველოში ჩასვლას, გავრილოვმა უთხრა, რომ "ხვალვე" ჩავიდოდა საქართველოში.

"მე ძალიან მინდა, მე იქ პირადი გეგმები მაქვს. ჩვენ შემოდგომაზე ბავშვებთან ერთად წასვლას და მოლოცვას ვგეგმავდით, როცა სიცხეები გადაივლიდა. მე მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ამ ქვეყნის შესახებ იცოდნენ, რადგან მეორე ასეთი ადგილი, როგორიც საქართველოა, ჩვენ არ გვაქვს." - ამბობს კომუნისტი დეპუტატი გავრილოვი. 

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი.

უკვე რვა დღეა, რაც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი აქციას მართავს. მომიტინგეთა 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან ორი შესრულებულია - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს და "გავრილოვის ღამეს" დაკავებული ადამიანები მე-7 დღეს გაათავისუფლეს. დანარჩენი ერთი მოთხოვნა - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია. 

კომენტარები