აბაშიძე-კარასინის ფორმატი

ბახტაძე: აბაშიძე-კარასინის ფორმატის მეშვეობით, ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს

მამუკა ბახტაძე

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატში მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს. 

ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის სხდომაზე სააგენტო "პირველის" მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები ამ ფორმატის ფარგლებში. 

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ რუსეთის "ტურისტული ემბარგო" მცირე მეწარმეებს მძიმე ტვირთად დააწვა და სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ რუსეთთან ეკონომიკური მოლაპარაკებები აწარმოოს. 

"მე კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველას, რა ძირითად მიზანს ემსახურება ეს ფორმატი, მათ შორის, ეს ფორმატი გულისხმობს ჰუმანიტარულ, კულტურულ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეკონომიკურ ურთიერთობებს. მე განვაცხადე წინა დღეებში და კიდევ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური ინტერესი. მე ყოველდღიურად ვიღებ წერილებს ჩვენი მცირე მეწარმეებისგან, თუ რამხელა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ ისინი. ჩვენ ეს ძალიან კარგად უნდა გავაცნობიეროთ და მაქსიმალური პასუხისმგებლობით მივუდგეთ. დიახ, ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო არხს იმისთვის, რომ ეს წარმოქმნილი პრობლემები გადავჭრათ და გადავჭრათ ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ გვაქვს ეს ვალდებულება. რა თქმა უნდა, ინტენსიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია ამ არხის მეშვეობით,"- თქვა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის შემდეგ საქართველოში დაწყებული საპროტესტო აქციების პასუხად, რუესთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანა დროებით აუკრძალა.

გარდა ამისა, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა სააგენტომ (Роспотребнадзор) რუსეთში 8 ქართული კომპანიის ღვინის შეტანა აკრძალა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის ფიზკულტურის, სპორტის და ტურიზმის კომიტეტის უფროსმა მიხაილ დეგტიარევმა კი რუსებს ქართული პროდუქციის ბოიკოტისაკენ მოუწოდა და საქართველოს ურჩია, რომ აშშ-იდან და ევროპიდან ელოდოს ტურისტებს და ბორჯომი ევროპულ ბაზარზე გაყიდოს, რასაც სოციალურ ქსელში კამპანია მოჰყვა სახელწოდებით "ბორჯომს მეც დავლევ".

კომენტარები