ხანძარი

კატალონიაში მასშტაბური ხანძარი ნაკელის გროვის აალებამ გამოიწვია

Getty Images

კატალონიაში ბოლო 20 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბური ტყის ხანძარი მძვინვარებს.

500-ზე მეტი მეხანძრე და ჯარისკაცი ტყის ხანძრის ლოკალიზებას ცდილობს, რომელმაც უკვე 5,500 ჰექტარი მოიცვა. მოხდა 53 ადამიანის ევაკუაცია. კვამლის და ცეცხლის გამო ასობით ცხვარი დაიხოცა. გზების ნაწილი დაკეტილია და მოსახლეობას მოუწოდებენ ამ არეას თავი მაქსიმალურად აარიდონ.

ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით ხანძრის გაჩენა მაღალი ტემპერატურის გამო ნაკელის გროვის აალებამ გამოიწვია და ცეცხლი შესაძლოა 20,000 ჰექტარამდე ფართობზეც გავრცელდეს. ცეცხლის ჩაქრობას რთული რელიეფი და არახელსაყრელი ამინდი ართულებს. ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ვერტმფრენები და მძიმე ტექნიკა.

ესპანეთსა და საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ტემპერატურამ 44 გრადუსს მიაღწია. მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. ვარაუდობენ, რომ ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს.

კომენტარები