იტალია

იტალია გემის მიღებაზე ამბობს უარს, რომელმაც ხმელთაშუა ზღვაში 53 მიგრანტი გადაარჩინა

იტალია უარს ამბობს მიიღოს გემი Sea-Watch 3, რომელმაც ორი კვირის წინ ხმელთაშუა ზღვაში 53 მიგრანტი გადაარჩინა.

გემმა ოთხშაბათს იტალიის კუნძულ ლამპედუზას მიაღწია, თუმცა პორტში მიღებაზე უარი განუცხადეს.

გაერო და ევროკომისია იტალიას მოუწოდებენ გემი მიიღოს.

გემი გერმანულ საქველმოქმედო ორგანიზაცია Sea-Watch-ს ეკუთვნის. ლიბიიდან მომავალი 53 მიგრანტიდან 13 ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იტალიაში გადაიყვანეს, თუმცა ბორტზე კვლავ რჩება 40 მიგრანტი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მიგრანტების ლიბიაში დაბრუნება უსაფრთხო არ არის.

გემის მიღების სურვილი სხვა ქვეყანას არ გამოუხატავს. მიღებაზე უარი თქვეს გერმანიამ, საფრანგეთმა და მალტამ.

გემზე რამდენიმე იტალიელი ოპოზიციონერი ავიდა და მის დატოვებაზე უარს ამბობენ, სანამ საკითხი არ გადაიჭრება.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი ორგანიზაციას სასამართლოთი ემუქრება:

"იმედი მაქვს, რომ მოსამართლე გადაწყვეტს, რომ გემზე კანონდამრღვევები იმყოფებიან."

სალვინის თქმით გემი გერმანიაში, ან ჰოლნადიაში უნდა წავიდეს, სადაც ის არის დარეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში იტალიის მინისტრთა კაბინეტმა სპეციალური განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პორტები საქველმოქმედო ორგანიზაციების ხომალდებისთვის, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში სამაშველო ოპერაციებს ახორციელებენ, დაიხურა. განკარგულების მიხედვით გემებს, რომლებიც იტალიის ტერიტორიულ წყლებში ნებართვის გარეშე შევლენ 10,000 ევრომდე ჯარიმა დაუწესდებათ.

Sea-Watch 3 იტალიამ იანვარშიც არ მიიღო, როდესაც გემზე 32 მიგრანტი იმყოფებოდა. საბოლოოდ, 18 დღის შემდეგ გემის მიღებაზე თანხმობა მალტამ განაცხადა, რის შემდეგაც მიგრანტები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გადაანაწილეს.

მსგავსი პრობლემა გასულ წელს SOS Méditerranée-ს გემ Aquarius-საც შეექმნა. 2018 წლის ივნისში გემმა ხმელთაშუა ზღვაში ჩაძირვის პირას მყოფი ხომალდიდან 629 ადამიანი გადაარჩინა. მათი უმეტესობა ერითრეადან, განადან, ნიგერიიდან და სუდანიდან ევროპაში არალეგალურად გადასვლას ლიბიის გავლით ცდილობდა. მიგრანტების მიღებაზე უარი თქვა იტალიამ და მალტამ. საბოლოოდ გემი ესპანეთმა მიიღო.

აგვისტოში გემმა კიდევ 141 მიგრანტი გადაარჩინა, მათ შორის 70 ბავშვი. მაშინ Aquarius-ი 5 დღიანი დაყოვნების შემდეგ მალტამ მიიღო.

2018 წელს ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში ჩასასვლელად ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთისას 1,700-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა.

კომენტარები