გავრილოვის ღამე

ბახტაძე და ცქიტიშვილი 20 ივნისს, პუტჩს და ვარდების რევოლუციას შორის ტოლობის ნიშანს სვამენ

0 კომენტარი

დღეს, 28 ივნისს საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენები და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მოქალაქეების პროტესტი კიდევ ერთხელ შეაფასა. 

ამჯერად მან 20 ივნისის ღამით დემონსტრანტების დარბევა "საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში 2-ჯერ მომხდარს" შეადარა, როდესაც, მისი თქმით, "მოხდა ხელისუფლების ძალადობის გზით შეცვლა და ორივე შემთხვევაში საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და ორივე შემთხვევა დასრულდა უმძიმესი შედეგებით ჩვენი ქვეყნისთვის. 

ამის მცდელობა იყო მესამეჯერ. ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა ისე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, კონკრეტულად კი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვინაიდან ეს იყო მათი მოვალეობა, რომ მაშინ აღეკვეთათ უმძიმესი სცენარი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს არის სხვა მდგომარეობა. დღეს ჩვენმა შს სამინისტრომ შეძლო, რომ აგვაცილა ეს უმძიმესი სცენარი და უმძიმესი გამოცდილება", - თქვა ბახტაძემ. 

იგივე გაიმეორა ვიცე პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, რომელმაც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა: 

"საქართველოში, სამწუხაროდ, იყო უკვე ასეთი ვითარება, როცა 2-ჯერ პარლამენტის შტურმის შედეგად მოხდა ხელისუფლების შეცვლა. ორივეჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არ იყო აღკვეთილი პარლამენტზე შტურმის შემთხვევა, მაშინ, როდესაც 2019 წლის 21 ივნისის ღამეს სწორედ პოლიციის ქმედებების შედეგად მოხდა იმ აგრესიული მომიტინგეების შეჩერება, რომელთაც მიზნად ჰქონდათ პარლამენტში ძალადობრივად შეღწევის გზით ხელისუფლების გადატრიალება დამხობა. 

ყველამ ვიცით, რომ პოლიციის ქმედებასთან დაკავშირებით არ არსებობს კითხვა ძალის გამოყენების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ყველა თანხმდება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო წარმომადგენლები, რომ პოლიციას ჰქონდა უფლება, გამოეყენებინა ძალა. 

რაც შეეხება ძალის გამოყენების არაპროპორციულობას და გადამეტებას, თავიდანვე ვთქვით, რომ ასეთი ცალკეული შემთხვევები, რომელიც მათ შორის, ვიხილეთ პირდაპირი ეთერით, იყო ცალკეული შემთხვევები და მათზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც იყო ინცირებული შსს-ის მიერვე. ასევე, გენერალური პროკურატურის მიერ. ასევე, ამ გამოძიებაში ჩართულია სახალხო დამცველი, ასევე პროკურატურამ მიმართა საზოგადოებას, რათა საზოგადოებას მიეწოდებინა მათ ხელთ არსებული ინფორმაცია. ასე ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტს. 

შესაბამისად, გიორგი გახარიას გადადგომას და მისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკავშირებას არავითარი ლოგიკური ჯაჭვი არ აქვს". 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ხელისუფლება 3-ჯერ შეიცვალა: 1991 წლის პუტჩის შედეგად, როდესაც 22 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, მაშინდელი ხელისუფლებისა და მისი მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებით თბილისის ომი დაიწყო

2003 წელს, ვარდების რევოლუციით. ედუარდ შევარდნაძის მიერ არჩევნების გაყალბებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა, 23 ნოემბერს კი პრეზიდენტის გადადგომით გაგრძელდა. 

და 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების გზით. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები