ცქიტიშვილი: 20 ივნისს არავითარი სანადირო ტყვიები, ლეტალური იარაღი და ა.შ. არ გამოგვიყენებია

საქართველოს პარლამენტი

ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ აქციის დასაშლელად არავითარი ცხოველებზე სანადირო ტყვიები და ლეტალური იარაღი არ ყოფილა გამოყენებული, არც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ყოფილა ცეცხლი გახსნილი და შესაბამისად, გიორგი გახარიას გადადგომას და მისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკავშირებას არავითარი ლოგიკური ჯაჭვი არ აქვს.

„როდესაც დილეტანტებს აქვს კითხვები კითხვებზე პასუხის გაცემა უნდა ვაცადოთ ექსპერტებს, სპეციალისტებს, გამომძიებლებს, მათ, ვინც იციან, თუ რა სახის სპეცსაშუალებები იყო გამოყენებული. მაქვს ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რა აღჭურვილობა აქვს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, შეესაბამება ყველა იმ სტანდარტს, რომელიც იგულისხმება აქციებზე რეაგირების და საპოლიციო ღონისძიებების დროს გამოყენებისთვის. შესაბამისად, არავითარი ცხოველებზე სანადირო ტყვიები, ლეტალური იარაღი და ა.შ. არ გვაქვს საუბარი. მათ არსენალში არის მხოლოდ ის საშუალებები, რომლის გამოყენების უფლებაც მათ აქვთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ უნდა მომხდარიყო ამა თუ იმ იარაღის გამოყენება, ამა თუ იმ ტყვიის გამოყენება, ამას აქვს თავისი გამოყენების წესები, სროლის მანძილი და სწორედ ეს არის ექსპერტების, გამომძიებლების და არა დილეტანტების გამოძიების საკითხი“, - ამბობს ის.

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი.უკვე რვა დღეა, რაც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი აქციას მართავს. მომიტინგეთა 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან ორი შესრულებულია - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს და "გავრილოვის ღამეს" დაკავებული ადამიანები მე-7 დღეს გაათავისუფლეს. დანარჩენი ერთი მოთხოვნა - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია. 

კომენტარები