20 ივნისის აქციის დარბევა

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები 20 ივნისს ძალის შესაძლო გადამეტებაზე სწრაფ გამოძიებას ითხოვენ

Reuters

საქართველოში ნიდერლანდების საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ 20 ივნისს ძალის შესაძლო გადამეტებაზე სწრაფი და ეფექტური გამოძიება ჩატარდეს:

"ევროკავშირის ქვეყნების ელჩების საგანგებო განცხადება: საჭიროა გამჭვირვალე, სწრაფი, ეფექტური გამოძიების ჩატარება 20 ივნისს გადამეტებული ძალის შესაძლო გამოყენებასთან, ასევე ძალადობრივი მოქმედების წაქეზებასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია პოლიციის პასუხი. ომბუდსმენის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. მოვუწოდებთ მხარეებს დიალოგისა და კომპრომისისკენ."

20 ივნისს პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქციის დარბევა ღამის 12 საათისთვის დაიწყო და 5 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი მოქალაქეების დარბევას რეზინის ტყვიებით, გაზითა და წყლის ჭავლებით ცდილობდა.

დარბევისას სულ 240 ადამიანი დაშავდა. აქედან 80 პოლიციელი იყო, 31 ჟურნალისტი დანარჩენი კი აქციის მონაწილეები იყვნენ.

დაშავებულებს რეზინის ტყვიები მოხვდათ თავში, სახეში, თვალში, ფეხში, ხელში, ზურგში. ზოგ შემთხვევაში ერთ ადამიანს არა ერთი, არამედ ათამდე ტყვიაც კი მოხვდა. ორ ადამიანს რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად, თვალის ამოღება დასჭირდა.

კომენტარები