ანტიდემპინგური კანონი

2020 წლიდან მთავრობა ანტიდემპინგური კანონის ამოქმედებას გეგმავს

2020 წლის პირველი იანვრიდან მთავრობა გეგმავს, ანტიდემპინგური კანონი აამოქმედოს. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ დასრულებულ პრესკონფრენციაზე ისაუბრა.

"2020 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება ვაჭრობის ანტიდემპინგური კანონმდებლობა. რაც საშუალებას მოგვცემს, დავიცვათ უკეთ ადგილობრივი მეწარმე, შემოვიღოთ ანტიდემპინგური ტარიფი, როგორც დროებითი ან მუდმივი ზომა, იმისთვის, რომ დავიცვათ დემპინგური გამოვლინებისგან, დემპინგური იმპორტისგან ჩვენი ადგილობრივი მეწარმე." - განაცხადა თურნავამ.

პროტექციონისტულ ნაბიჯს ეკონომიკის მინისტრი ადგილობრივი სამუშაო ადგილების დაცვით ხსნის:

"როდესაც ჩვენ ვიცავთ ადგილობრივ მეწარმეს, ჩვენ ამითი ვიცავთ ადგილობრივ დასაქმებას. ჩვენი ადგილობრივი წარმოება არის ძირითადი წყარო ჩვენი ადგილობრივი დასაქმების." - ამბობს თურნავა.

მისი თქმით, კანონმდებლობა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპებს ეყრდნობა.

რატომ დააზარალებს ანტიდემპინგური კანონმდებლობა საქართველოს მოსახლეობას:

დემპინგის აკრძალვის დროს მოსახლეობა ზარალდება, რადგანაც ისინი უცხოური პროდუქციის შეღავათიან ფასად ყიდვის საშუალებას კარგავენ, მოგებულ მდგომარეობაში კი ადგილობრივი კომპანიები რჩებიან, რომლებიც აღნიშნულ საქონელს შედარებით ძვირად აწარმოებენ. ამ დროს მოსახლეობას მხოლოდ ადგილობრივი და შედარებით ძვირიანი პროდუქციის ყიდვის ალტერნატივა აქვს, რაც მათი მსყიდველუნარიანობის შემცირებას იწვევს. ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღება ქვეყანაში ბიზნესგარემოსთვის ახალი რეგულაციის დაწესება იქნება, რომელიც კონკრეტულ კომპანიებს სახელმწიფოს მხრიდან პროტექციონისტულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ანტიდემპინგური კანონმდებლობა შესაძლოა ბუნდოვანიც იყოს, რაც შეიძლება კანონის ნორმების ფართოდ განმარტებისა და, შედეგად, კომპანიებისთვის ახალი ფინანსური ბარიერის შექმნის ტოლფასი გახდეს. 

კომპანიები ზოგიერთ შემთხვევაში საქონელს მის თვითღირებულებასთან მიახლოებულ ფასადაც ყიდიან, რაც მრავალ მიზანს, მათ შორის, მომხმარებლების მოზიდვას, ფინანსური დანაკარგის თავიდან არიდებას და ა.შ. შეიძლება მოიცავდეს. ასევე საკმაოდ რთულია იმის დადგენა, თუ რა წარმოადგენს დემპინგურ ფასს.

კომენტარები