ნათია თურნავა

თურნავა: არ ვფიქრობთ, რომ ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში რამე ემუქრება

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეროვნული ვალუტის კურსზე ისაუბრა. მისი თქმით, მაკროენომიკური პარამეტრები, რაც კურსზე გავლენას ახდენს, სტაბილურია. გაუფასურება კი, დიდწილად, ნეგატიური მოლოდინებითაა გამოწვეული.

"მაკროეკონომიკური პარამეტრები დღემდე სტაბილური არის და ამ კუთხით საფრთხე არ გვემუქრებოდა. მოლოდინებზე თავისი ნეგატიური ზემოქმედება პოლიტიკურმა პროცესებმა იქონია და ასევე ტურიზმში შექმნილმა პრობლემებმა, მაგრამ ჩვენ ვიმუშავებთ იმ მიმართულებით, რომ ეს განეიტრალდეს. აქედან გამომდინარე, არ ვფიქრობთ, რომ ლარს რაიმე ემუქრებოდეს გრძელვადიან პერსპექტივაში" - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

ამასთან, თურნავა დადებითად აფასებს მთლიანი შიდა პროდუქტის 4.7%-იან ზრდას:

"ლარის კურსზე ზემოქმედების ფაქტორები შეიძლება პირობითად ორ ჯგუფად: ერთი არის მაკროეკონომიკური და მეორე არის მოლოდინები. მაკროეკონომიკასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სულ ახლახანს გამოქვეყნდა მაისის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგები, ეს არის 4.7% მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, მათ შორის საშუალო თვიური ზრდა ხუთ თვეში გამოდის 4.9%, საკმაოდ მაღალი. დღემდე, რაიმე ნიშანი იმისა, რომ მაკროეკონომიკური ფაქტორი არსებობს, რაც გააუფასურებს ლარს, არ არსებობს. თუმცა ისიც მინდა, რომ ვთქვა, რომ ამ ბოლო მოვლენების გათვალისწინებით არ ვართ დარწმუნებულები, რომ ივნისის და ივლისის მაჩვენებლები ეკონომიკური ზრდის იგივე იქნება, თუმცა აქამდე ზრდა ძალიან მაღალია" - განაცხადა მინისტრმა.

ორთვიანი გაუფასურების შემდეგ, ლარს დაახლოებით ერთი კვირის მანძილზე გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა, 14 ივნისის შემდეგ, ეროვნული ვალუტა კვლავ უფასურდება. 28 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი აშშ დოლარი  ოფიციალური კურსით 2.87 ლარი ღირს, ერთი ევრო კი 3.26 ლარი.

კომენტარები