აქცია პარლამენტთან

ანიტა რაჭველიშვილი: დღეს საღამოს თქვენთან ვიქნები, პროტესტს სიმღერით გამოვხატავ

Anita Rachvelishvili

ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს უერთდება. 29 ივნისს ის პროტესტის გამოხატვას სიმღერით გეგმავს.

"უნდა ვიდგეთ იქ, უნდა შევეწინააღმდეგოთ და გავაპროტესტოთ ის, რაც მოხდა, როდესაც გავრილოვი ჩამოვიდა და რაც შემდგომ მოყვა გავრილოვის ჩამოსვლას. ჩვენმა მთავრობამ უსინდისოდ დაიცვა რუსი დეპუტატი, ძალადობით, საშინელი ფაქტები მოხდა, ამის დავიწყებას ვერ შევძლებ. მე ვიქნები დღეს საღამოს. შევეცდები, რომ ჩემი პროტესტი გამოვხატო სიმღერით და საქართველოს მხარდაჭერით," - ამბობს ქართველი მეცო-სოპრანო.

ანიტა რაჭველიშვილი აშშ-დან საქართველოში 28 ივნისს ჩამოვიდა. საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე მან Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა:

"აუცილებლად უნდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ძალადობის წინააღმდეგ, უდანაშაულო ადამიანების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. აუცილებლად მოდით, ძალიან გთხოვთ. ეს არის სამართლიანი აქცია. დღეიდან მე თქვენს გვერდით ვარ, სულიერად აქამდეც სულ თქვენთან ერთად ვიყავი იმიტომ, რომ ძალიან მიჭირდა შორს ყოფნა საქართველოსთვის ასეთ მძიმე ჟამს... რუსეთი ოკუპანტია, რუსეთის კომუნისტი დიპლომატის ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის, გახარია არის ჯალათი, რომელმაც დაასახიჩრა ახალგაზრდები," - ამბობს ის.

ქართველი მეცო-სოპრანო ადამიანებს მოუწოდებს, შეუერთდნენ აქციას: - "გადახედეთ რეალურ ვიდეოებს, თუ როგორ იძალადეს ახალგაზრდებზე როგორ ნადირობდნენ მათზე და ესროდნენ ტყვიებს, როგორ დაასახიჩრეს ამ ადამიანების სიცოცხლე სამუდამოდ. ეს ხომ აღარასდროს აღარ დაავიწყდებათ, ეს ხომ მუდმივ ტრაგედიად იქცევა მათ ცხოვრებაში. იმედია, თქვენ აზრს შეიცვლით და დაგვიდგებით გვერდით."

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი.

უკვე ცხრა დღეა, რაც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი აქციას მართავს. მომიტინგეთა 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან ორი შესრულებულია - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს და "გავრილოვის ღამეს" დაკავებული ადამიანები მე-7 დღეს გაათავისუფლეს. დარჩენილი ერთი მოთხოვნა - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია. 29 ივნისს, აქციების მეათე დღეს, 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედანზე მსვლელობა "თავისუფლების მარში" გაიმართება.

კომენტარები