აშშ-ჩინეთი

G20 სამიტზე შეხვედრისას ტრამპი და სი ძინპინი სავაჭრო მოლაპარაკებების აღდგენაზე შეთანხმდნენ

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი

აშშ-სა და ჩინეთის პრეზიდენტები იაპონიაში გამართული დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებების აღდგენაზე შეთანხმდნენ.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამერიკულ კომპანიებს უფლებას მისცემს მიჰყიდონ თავიანთი პროდუქცია ტელეკომუნიკაციების ჩინურ ფირმა ჰუავეის.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში ის ჩინეთს დამატებითი ტარიფების დაწესებით რამდენიმეჯერ დაემუქრა, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ კიდევ 300 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე ტერიფების დაწესებას აღარ აპირებს და ამ დროისათვის ოფიციალურ პეკინთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.

"ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტი სისთან, შესანიშნავი, ისეთი კარგი, როგორსაც მოველოდი. ჩვენ ბევრი რამ განვიხილეთ და დავუბრუნდით სწორ გზას, ვნახოთ რა მოხდება." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ მაისში ტრამპმა აშშ-ის კომპიუტერული ქსელის უცხოელი მოწინააღმდეგეებისაგან დასაცავად ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამერიკულ კომპანიებს უცხოური ტელეკომუნიკაციები ქსელების გამოყენებას უკრძალავს. ბრძანებაში კონკრეტული კომპანიები არ არის ნახსენები, თუმცა მიაჩნიათ, რომ ის ჩინურ ტელეკომუნიკაციების კომპანია Huawei-ს შეეხება. Huawei-ს აეკრძალა ამერიკული ფირმებისაგან ტექნოლოგიის შეძენა აშშ-ის მთავრობისაგან თანხმობის გარეშე. აშშ-ის ფედერალურ უწყებებს უკვე აკრძალული აქვთ Huawei-ს პროდუქტების გამოყენება.

ამ კუთხით პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ცვლილება არ მომხდარა. ტრამპის თქმით ჰუავეის საკითხს სავაჭრო მოლაპარაკებების დასასრულისკენ განიხილავენ.

რაც შეეხება ტარიფებს, 10 მაისს აშშ-მა ჩინეთს 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფები გაუორმაგა. ტარიფები 10%-დან 25%-მდე გაიზარდა სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის თევზზე, ხელჩანთებზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელზე და სხვა.

ჩინეთი აშშ-ის დაწესებული ტარიფების საპასუხოდ 60 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ამერიკულ საქონელზე 1 ივნისიდან ტარიფებს გაზრდის.

ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა.

კომენტარები