აქცია პარლამენტთან

დიღმელაშვილი: მოთხოვნებს არც რამე დაემატება და არც გამოაკლდება, ჩვენს სიტყვას ფასი აქვს

შოთა დიღმელაშვილი
ტაბულა

საპროტესტო აქციების ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათ მიერ თავიდანვე დაწყენებულ 3 მოთხოვნას არც არაფერი დაემატება და არც გამოაკლდება. 

შოთა დიღმელაშვილმა დღეს, თავისუფლების მარშს შემდეგ პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2 მოთხოვნა უკვე დაკმაყოფილებულია და როცა გახარია გადადგება, აქციებიც შეწყდება. 

"ჩვენ გვქონდა 3 მოთხოვნა: პროპორციული არჩევნები, იმისათვის, რომ პარლამენტში მართლა ხალხის ხმა ისმოდეს და არა ვიღაც ერთი ადამიანის მიერ არჩეული პიროვნებების ხმა, რომლებიც საქართველოს სახელით ლაპარაკობენ. ისინი არ ლაპარაკობენ საქართველოს სახელით, საქართველო ვართ ჩვენ და პროპორციული არჩევნების მოთხოვნა დაგვიკმაყოფილეს.

ჩვენ გვინდოდა გამოგვეშვა 300-ზე მეტი დაკავებული, რომლებიც იმ საბედისწერო დღეს ბუჩქებიდან, სადარბაზოებიდან, ეკლესიის ეზოებიდან გამოათრიეს და მიბჯენით თვალებში ესროლეს ტყვიები, რომლის გამოყენების წესებიც არ იცოდნენ, ან იცოდნენ, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ადამიანები, რომლებიც გაიმეტეს და მერე საკნებში ექიმი არ შეუგზავნეს. რომ გამოვიდნენ, ბევრმა მათგანმა მერე გაიგო, რომ თვალის ფოსო აქვს ჩამსხვრეული, ტვინის შერყევა აქვს და არ იცოდნენ, იმიტომ რომ მათ ვერ გაიმეტეს ექიმი ამ ადამიანებისთვის, სამაგიეროდ გაიმეტეს ტყვიები. მაგრამ ახლა ისინიც გარეთ არიან და ჩვენთან დგანან. 

ჩვენ ასევე გვქონდა მესამე მოთხოვნა: გადამდგარიყო მინისტრი, რომელმაც ან გასცა ეს ბრძანება და უნდა გადადგეს, ან არ იცის, რა ხდება მის სამინისტროში და მაინც უნდა გადადგეს. ორივე ვარიანტში უნდა გადადგეს, არანაირი გამოძიება ამას არ სჭირდება. მით უმეტეს, როცა ჩვენ გვყავს მოშიმშილეები, იმათ არ უნდა უთხრა ცინიკურად, ჩემს დანაშაულს მე თვითონ გამოვიძებო. ჩვენ ვნახეთ, როგორ იძიებენ დანაშაულებს: აფგან მუხთარლის დანაშაული გამოიძიეს? ხორავას ქუჩის საქმეზე არ თანამშრომლობდნენ იმასთან, ვინც უნდა ეკონტროლებინათ? მაჩალიკაშვილზე რა გამოიძიეს. და ახლა ეს მოშიმშილეები უნდა ისხდნენ აქ. 2 უკვე საავადმყოფოში წავიყვანეთ. და ამათ ცინიკურად ეუბნებით, რომ გამოვიძიებთო. დაველოდებით, შევალთ ამ მოლაპარაკებაზე? არა. 

ჩვენ გვქონდა 3 მოთხოვნა, გვექნება 3 მოთხოვნა. ამ მოთხოვნებს არც არაფერი გამოაკლდება, არც არაფერი დაემატება, არც არაფერი ჩარედაქტირდება. ჩვენ გვიკმაყოფილებენ სამივე მოთხოვნას და მერე მივდივართ სახლში. იმიტომ რომ ეს სიტყვა დავთქვით ჩვენ. და მათგან განსხვავებით, ჩვენ ჩვენს სიტყვებს პატივს ვცემთ. ჩვენთვის სიტყვა ჰაერი არ არის", - თქვა დიღმელაშვილმა. 

დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სანდრა რულოვსმა თქვა, რომ "მთავრობას ლეგიტიმაცია არ აქვს, უნდა გადადგეს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს". 

„გახარია უნდა გადადგეს, მთავრობას არანაირი ნდობა აღარ აქვს და უნდა გადადგეს მთლიანობაში. უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები რაც შეიძლება, მალე. ივანიშვილის რეჟიმი უნდა დამთავრდეს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მათი პასუხისმგებლობაა - რა იარაღებიც გამოიყენეს, რაც ესროლეს ხალხს, რამდენი ხალხი დაინვალიდდა, რამდენი დაბრმავდა და ეს ყველაფერი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, გაფრთხილების გარეშე“, - თქვა რულოვსმა.

აქციის მონაწილეებს არ სურთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ვინაიდან ამ შემთხვევაში მისი პროპორციული წესით ჩატარება ვერ მოესწრება, ეს კი ხელს კვლავ მმართველ პარტიას აძლევს. 

აქციის მონაწილეები 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენების გამო შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. 

პროტესტის დაწყებისას მათ სამი მოთხოვნა ჰქონდათ: პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წელს, 20 ივნისის ღამეს ყველა დაპატიმრებული მოქალაქის გათავისუფლება და გახარიას გადადგომა. შეუსრულებელი მხოლოდ ეს უკანასკნელია. 

მმართველი გუნდის წევრები, ისევე როგორც გიორგი გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისი გადაგომის საჭიროება არ დგას. 

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი.

უკვე 10 დღეა, რაც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი აქციას მართავს. მომიტინგეთა 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან ორი შესრულებულია - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს და "გავრილოვის ღამეს" დაკავებული ადამიანები მე-7 დღეს გაათავისუფლეს. დანარჩენი ერთი მოთხოვნა - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია. 

კომენტარები