აქცია პარლამენტთან

სირცხვილია 10.0 - პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს დასრულდა, პროტესტი ხვალ გაგრძელდება

ტაბულა

სირცხვილია 10.0 - პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს დასრულდა, პროტესტი ხვალ გაგრძელდება

პროტესტი ხვალ, 19:00 საათზე გაგრძელდება, კვლავ პარლამენტის შენობის წინ. 

"10:0 ჩვენ სასარგებლოდ და თუ ამ თამაშს არ დაამთავრებენ, იქნება 11:0, 12:0........ 23:0;

არ დავიღლებით. საქართველოს სამსახურში არ დავიღლებით და თუ გინდათ, ნაკლებად განადგურდეთ, უბრალოდ დაამთავრეთ ეს თამაში. გახარია, წადი. 

ხვალ ჩვეულებრივი 7 საათზე მოვდივართ საქართველოს სამსახურში. ცოტა სხვანაირად დაველაპარაკოთ ერთმანეთს, ლექციები წავუკითხოთ, ცოტა კინოც გავუშვათ. როგორც იქნა, ვიშოვეთ ეკრანი. ბიზნესი ხომ თავისუფლად სუნთქვავს და რამდენი დღეა, ვცდილობთ ეკრანის დაქირავებას, მაგრამ როცა იგებენ, რომ აქციისთვის გვინდა, უარს გვეუბნებიან", - თქვა შოთა დიღმელაშვილმა. 

აქციის დაწყებისას მან ასევე თქვა, რომ თავიდანვე დაწყენებულ 3 მოთხოვნას არც არაფერი დაემატება და არც გამოაკლდება და ვინაიდან 2 მოთხოვნა უკვე დაკმაყოფილებულია, აქციები შეწყდება, როცა გახარია გადადგება. 

"ჩვენ გვქონდა 3 მოთხოვნა, ჩვენ გვექნება 3 მოთხოვნა. ამ მოთხოვნებს არც არაფერი გამოაკლდება, არც არაფერი დაემატება, არც არაფერი ჩარედაქტირდება. ჩვენ გვიკმაყოფილებენ სამივე მოთხოვნას და მერე მივდივართ სახლში. იმიტომ რომ ეს სიტყვა დავთქვით ჩვენ. და მათგან განსხვავებით, ჩვენ ჩვენს სიტყვებს პატივს ვცემთ. ჩვენთვის სიტყვა ჰაერი არ არის", - თქვა დიღმელაშვილმა. 

მანამდე კი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სანდრა რულოვსმა თქვა, რომ "მთავრობას ლეგიტიმაცია არ აქვს, უნდა გადადგეს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს". 

აქციის მონაწილეებს არ სურთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, ვინაიდან ამ შემთხვევაში მისი პროპორციული წესით ჩატარება ვერ მოესწრება, ეს კი ხელს კვლავ მმართველ პარტიას აძლევს. 

დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქციამ თავისუფლების მარშის შემდეგ გადმოინაცვლა - ათასობით მოქალაქემ პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობა გამართა. 

აქციის მონაწილეები 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენების გამო შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. 

პროტესტის დაწყებისას მათ სამი მოთხოვნა ჰქონდათ: პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წელს, 20 ივნისის ღამეს ყველა დაპატიმრებული მოქალაქის გათავისუფლება და გახარიას გადადგომა. შეუსრულებელი მხოლოდ ეს უკანასკნელია. 

მმართველი გუნდის წევრები, ისევე როგორც გიორგი გახარია ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისი გადაგომის საჭიროება არ დგას. 

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი.

უკვე 10 დღეა, რაც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი აქციას მართავს. მომიტინგეთა 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან ორი შესრულებულია - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს და "გავრილოვის ღამეს" დაკავებული ადამიანები მე-7 დღეს გაათავისუფლეს. დანარჩენი ერთი მოთხოვნა - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია. 

კომენტარები