თურნავა: რაც უფრო მალე დაიმკვიდრებს სიმშვიდე, უფრო მარტივად გავუმკლავდებით გამოწვევებს

ნათია თურნავა
ტვ იმედი

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ როდესაც საქმე ლარის კურსს, ეკონომიკურ ზრდას, ტურიზმის განვითარებას და მსგავს საკითხებს ეხება, მოლოდინების ფაქტორია გასათვალისწინებელი.

იმედის ეთერში თურნავამ თქვა, რომ ეკონომიკა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ანარეკლია, "ამიტომ, რაც უფრო პასუხისმგებლანად მივუდგებით ეკონომიკას, გადავერთვებით პოზიტიური შენების დღის წესრიგზე და რაც უფრო მალე მოხდება სტაბილიზაცია და დაიმკვიდრებს სიმშვიდე, მით უფრო მარტივად გავუმკლავდებით ამ გამოწვევებს".

ასევე, თურნავამ თქვა, რომ შეუძლებელია რუსეთის მხრიდან პირდაპირი ავიაფრენების შეჩერებით გამოწვეული ზარალის სრულად ნეიტრალიზება, თუმცა, რა დონით მატერიალიზდება ეს გამოქვევა და მოხდება ნეგატიური მოლოდინების რეალიზაცია, ისევ ჩვენზეა დამოკიდებული.

„ვმუშაობთ 2 ძირითადი მიმართულებით: ერთი მიმართულებაა, კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ტურისტული ქვეყანა და ამისთვის ვიყენებთ ბევრ საშუალებას, მათ შორის დიპლომატიურ არხებს და მეორეც, რატომ ვხვდები ბიზნესს და რატომ პირველივე დღეს არ გამოვედით წინასწარ ჩამოყალიბებული გეგმით? მე მინდოდა ბიზნესიდან მიმეღო იმპულსები, შესაბამისად, დავინახე, რომ მოთხოვნა სხვა ბაზრების განვითარებასთან ერთად ისიცაა, რომ შევინარჩუნოთ რუსი ტურისტებიც. ეს არს ბიზნესის მოთხოვნა. ეს არის საკმაოდ ყურადსაღები ტენდენცია და ჩვენ ვალდებულები ვართ, ამ მიმართულებითაც ვიმუშაოთ", - თქვა თურნავამ.

უკვე მე-11 დღეა, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი აქციას მართავს. მომიტინგეთა 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან ორი შესრულებულია - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს და "გავრილოვის ღამეს" დაკავებული ადამიანები მე-7 დღეს გაათავისუფლეს. დანარჩენი ერთი მოთხოვნა - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია.

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი.

​განვითარებული მოვლენების გამო რუსეთმა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები შეაჩერა.

კომენტარები