საქართველო-რუსეთი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი: საქართველომ ბოდიში მოიხადოს და მერე შესაძლებელია დიალოგი

0 კომენტარი
ვალენტინა მატვიენკო ფოტო: RIA

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ საქართველოს მთვარობას მოუწოდა, რომ ქვეყანაში წესრიგი დაამყაროს, ხოლო რუსეთს ბოდიში მოუხადოს.

"ის ხელისუფლება, რომელიც ახლა საქართველოშია, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გაწყვიტონ. ისინი არ არიან დამოუკიდებლები, ისინი კარნახით მოქმედებენ. ასე რომ, სანამ ხელისუფლება არ გამოიჩენს ავტორიტეტს და ქვეყანაში მშვიდობას არ დაამყარებს, მანამ არ შეწყდება ეს რუსოფობიური ტალღა, რომელიც რადიკალებმა წამოიწყეს. ჩვენ არაფერი გვექნება სასაუბრო - დაე ქვეყანაში წესრიგი დაამყარეთ, დაე ბოდიში მოიხადეთ იმისთვის, რაც მოხდა, მაშინ შესაძლებელი იქნება დიალოგი," - განაცხადა მატვიენკომ.

მისივე თქმით, "არ არსებობს კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის, ჩვენ არაფერი დაგვიწყია".

რუსთაველის გამზირზე პროტესტი 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა. აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. თუმცა, გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლების გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი.

უკვე ათი დღეა, რაც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი აქციას მართავს. მომიტინგეთა 3-პუნქტიანი მოთხოვნებიდან ორი შესრულებულია - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება მიიღეს და "გავრილოვის ღამეს" დაკავებული ადამიანები მე-7 დღეს გაათავისუფლეს. დანარჩენი ერთი მოთხოვნა - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კვლავ უცვლელია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები