პროპორციული არჩევნები

უგულავა: წინასწარ ვაცხადებთ, რომ ევროპული საქართველო მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას

გიგი უგულავა
ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, პარტია მხარს დაუჭერს კონსტიტუციურ ცვლილებას, რომელიც აქციების მონაპოვარია.

"ბარიერთან და ბლოკებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ის, რომ დიახ, უკეთესია, იყოს რაიმე ტიპის ბარიერი. თუმცა, რაიმე ტრაგედიას ამაში ვერ ვხედავთ. კონსტიტუციის ცვლილებას ბევრი დისკუსია არ სჭირდება, კონსტიტუციაში რამდენიმე სიტყვა და წინადადებაა შესაცვლელი. ევროპული საქართველო წინასწარ ვაცხადებთ, რომ ამ კონსტიტუციურ ცვლილებას დავუჭერთ მხარს, იმიტომ ეს არის სწორედ აქციების მონაპოვარი, დანარჩენზე გვექნება ინდივიდუალური მსჯელობა. ზოგი პარტია ერთ ტაქტიკას აირჩევს,ზოგი მეორეს. მთავარია, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას გვაქვს ერთსულოვნება და ეს ერთსულოვნება ეფუძნება შემდეგს: არანაირი ხრიკებით და მანიპულაციებით ჩვენ არ მივცეთ ქართულ ოცნებას გადაბრალების ან რაიმე მანიპულაციების საშუალება იმისათვის, რომ ეს ერთობლივი ბრძოლით მონაპოვარი უკან არ წაიღონ და ხელახლა მოატყუონ საზოგადოება," - ამბობს უგულავა სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი 1 ივლისიდან დაიწყება. ქართულმა ოცნებამ "პროპორციული არჩევნები 2020"-ის პრეზენტაციას სწორედ პირველ ივლისს გამართავს.მომდევნო დღეებში შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია, ასევე სხვა საპარლამენტო ფორმატები, რომლებიც ქვეყნის მთავარ დოკუმენტში შესაბამისი ჩანაწერზე იმუშავებს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების გადაწყვეტილების მიღება ქართულ ოცნებას პროტესტის ფონზე მოუწია. სწორედ პროპორციული არჩევნები იყო ერთერთი მთავარი მოთხოვნა საპროტესტო აქციებზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის მისვლას მოჰყვა.

კომენტარები