აქცია პარლამენტთან

საორგანიზაციო ჯგუფი: აქცია არ ცვლის მოთხოვნებს, გაგრძელდება გახარიას გადადგომამდე

ტბელ აბუსერიძე / facebook.com/TeamForFreedom

საპროტესტო აქცია არ ცვლის საკუთარ მოთხოვნებს, ის გაგრძელდება, სანამ გიორგი გახარია არ დატოვებს თანამდებობას, ამის შემდეგ კი - დასრულდება - პროტესტის მე-11 დღეს აქციების "სირცხვილია" ორგანიზატორთა ჯგუფი მანიფესტს აქვეყნებს.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ აქციების ორი მოთხოვნის (პროპორციული არჩევნები და აქციის დარბევისას დაკავებულების გათავისუფლება) შესრულების შემდეგ, ძალაში რჩება ფინალური მოთხოვნა: დაკავებული თანამდებობები დატოვოს, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა და ვიცეპრემიერმა- გიორგი გახარიამ.

„არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკოსი თუ აქციის მონაწილე, მედიასთან კომენტარის გაკეთებისას, აყენებს განსხვავებულ მოთხოვნებს, ამიტომ, გვინდა დავაზუსტოთ და განვმარტოთ: საპროტესტო აქცია არ ცვლის საკუთარ მოთხოვნებს. მას შემდეგ რაც გიორგი გახარია თანამდებობებს დატოვებს, საპროტესტო აქცია დასრულდება. ეს იყო პირობა, რომელიც აქციის დასაწყისში დავაყენეთ და მის შეცვლას არ ვაპირებთ. მოთხოვნებს არ დაემატება ახალი პუნქტები. ამავე დროს, აქციები არ დასრულდება მანამ, სანამ გიორგი გახარია მის მიერ დაკავებულ თანამდებობებს არ დატოვებს,“- ვკითხულობთ მანიფესტში.

საორგანიზაციო ჯგუფი აღნიშნავს, რომ პროპორციული არჩევნები აქციების ისტორიული მონაპოვარია, თუმცა ჯერ კიდევ მისაღწევია მეორე ისტორიული მონაპოვარი - "ჩვენ, მთელ ქვეყანას, ჰაერივით გვჭირდება პრეცედენტი, რომ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა - შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ღირს. რაც უნდა გახდეს, წინაპირობა იმისა, რომ 20 ივნისი იყოს ბოლო სისხლიანი თარიღი ჩვენს ისტორიაში".

"შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, სამოქალაქო პროტესტის „სირცხვილია“ს საორგანიზაციო ჯგუფი, ამჩნევს რა ხელისუფლების მორიგ მცდელობებს გახლიჩოს და დაანაწევროს საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, ხმამაღლა აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, რომ აქციები გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ გიორგი გახარია არ იქნება გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობებიდან.

აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებაში სრული თანხმობაა

და ის რაც შეიძლება მალე უნდა დაკმაყოფილდეს!

ველოდებით გახარიას გადადგომას!

რის შემდეგაც, ჩვენი აქცია - დასრულდება"- წერია მანიფესტში.

კომენტარები