ერთიანი ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ipress

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა დღეს ქართული ენასა და ლიტერატურაში ტარდება. გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვებიან, სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდები - 17-24 ივლისს.

აბიტურიენტებს გამოცდების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა განათლების მინისტრმა.

"საპასუხისმგებლო მომენტი დაიწყო. მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ მომავალში, თითოეული თქვენგანი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს საზოგადოებაში, რადგან კარგად გესმით: ცოდნა და შემოქმედება, ყოველდღიური შრომა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვა არის წინაპირობა თქვენი პირადი კეთილდღეობისა თუ ქვეყნის განვითარებისთვის. გულითადად გისურვებთ წარმატებებს. იმედი მაქვს, ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელებთ იმ ცოდნის გაღრმავებას, რომელსაც სკოლებში დაეუფლეთ" - აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება. კონკრეტულად კი, უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, თავად დაამატონ საკუთარი პროგრამის რელევანტური გამოცდა, მათ შორის ზოგადი უნარები. მომავალი წლიდან აბიტურიენტები ოთხი სავალდებულო საგნის ნაცვლად, სამს საგანს ჩააბარებენ.

კერძოდ, სავალდებულო საგნებად დარჩება ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე უცხო ენის გამოცდები, ხოლო მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამის მიხედვით. ჰუმანიტარული მიმართულებების არჩევისას აბიტურიენტები ჩააბარებენ ისტორიის, ხოლო ტექნიკური მიმართულების არჩევისას - მათემატიკის გამოცდას.

კომენტარები