ევროსაბჭო

კანდელაკი: ევროსაბჭოში რუსებისთვის ხმის უფლების აღდგენაზე მთავრობა ამ დრომდე დუმს

გიორგი კანდელაკი

ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენას ეხმაურება და მთავრობას აკრიტიკებს, იმის გამო, რომ ამ დრომდე ოფიციალურ დონეზე ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება არ გაკეთებულა. კანდელაკის თქმით, ორაზროვანი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში, არის საზიანო და სახიფათო. 

"ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა და მინისტრებმა გააკეთეს ძალიან მკვეთრი განცხადებები მომხდართან დაკავშირებით და მომავალში ერთობლივი მოქმედების აუცილებლობის შესახებ, რომ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ. ამ ფონზე, როცა მომხდარი პირდაპირ ეხება საქართველოს სუვერენიტეტს, როცა მომხდარი პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ამ ფონზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს მთავრობა, არაფერს ამბობს და დუმს, მაშინ, როცა ჩვენი უახლოესი მეგობრები, ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი, რომლებიც გვერდზე გვიდგანან ყველა სიტუაციაში, ყველა ძნელბედობის მომენტში, როცა ისინი გამოდიან მკვეთრი განცხადებებით აღმასრულებელი ხელისუფლების და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რატომ დუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო? ნუთუ არ ასწავლა ჩვენს მთავრობას გავრილოვის ამბებმა, რომ ორაზროვანი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში, რომელიც ასეც შეიძლება გავიგოთ და ისეც შეიძლება გავიგოთ, არის საზიანო და სახიფათო,“ - ამბობს კანდელაკი. 

შეგახსენებთ, რომ 25 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენას 118 ხმით 62-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. თავი შეიკავა ათმა დელეგატმა.

მიმდინარე წლის მაისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ჯგუფის წევრი 47 ქვეყნის მინისტრებმა დაამტკიცეს შეთანხმება, რომელიც რუსეთს ჯგუფის წევრობას და ხმის მიცემის უფლებას აღუდგენს. შედეგად, რუსეთი შეძლებს ივნისში მონაწილეობა მიიღოს ახალი კანდიდატების დანიშვნის პროცესში.

ხმის მიცემის უფლება რუსეთს 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო ჩამოერთვა. მას შემდეგ რუსეთმა საწევრო გადასახადის გადახდა შეწყვიტა, თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გადახდას განაახლებენ.

გადაწყვეტილების ინიციატორი გერმანია და საფრანგეთი იყვნენ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ თუ რუსეთი საბჭოს დატოვებს, უფრო რთული იქნება ადამიანის უფლებათა სასამართლომ მას დარღვევებზე მიუთითოს.

გადაწყვეტილების დაბლოკვა სცადა შვიდმა ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ, საქართველომ, პოლონეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიტვამ.

კომენტარები