პროპორციული სისტემა

ბაქრაძე: ოცნების პარტიულ ღონისძიებაში არ ვმონაწილეობთ, საპარლამენტო განხილვაში ჩავერთვებით

0 კომენტარი

ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, ევროპულმა საქართველომ არ მიიღო მონაწილეობა ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებაში, სადაც ოცნება საარჩევნო ცვლილებების პრეზენტაციას მართავს, თუმცა ბაქრაძე აღნიშნავს, რომ პარტია მხარს უჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო განხილვის პროცესში. 

"რა თქმა უნდა ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობა ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებაში, ვინაიდან, როგორც ოპოზიციას, იქ არაფერი გვესაქმება, მაგრამ მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ეს მხარდაჭერა აისახება, როგორც კენჭისყრის შედეგში, სადაც ჩვენ ხმას მივცემთ ამ ცვლილებებს, ასევე განხილვის პროცესშიც და ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ საპარლამენტო განხილვის მთლიან პროცესში. მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილებები არის ქუჩაში გამოსული ადამიანების დიდი გამარჯვება, ეს არის ის, რაც ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლეს ერთი კვირის განმავლობაში და წლების მანძილზე ვერ ვახერხებდით ამის გაკეთებას პოლიტიკოსები. ამიტომ, ჩვენი ახალგაზრდების, ქუჩაში გამოსული ადამიანების მხარდაჭერა და პატივისცემა მოითხოვს იმას, რომ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა ამ ცვლილებების მიმართ და არ მივცეთ ხელისუფლებას საბაბი უკან დახევის. მიუხედავად იმ წვრილმანი ვირეშმაკობებისა, რომლებიც ხელისფულებამ ამ პროექტში ჩადო, მაგალითად ნულოვანი ბარიერის და ბლოკების აკრძალვის სახით," - ამბობს ბაქრაძე. 

ამ წუთებში ქართული ოცნება საარჩევნო ცვლილებების პრეზენტაციას სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში მართავს. "გაერთიანებული ოპოზიცია”, “ევროპული საქართველო”, “თავისუფალი დემოკრატები” და “რესპუბლიკური პარტია” ღონისძიებას არ ესწრება, პრეზენტაციაზე დასწრებას გეგმავდა "გირჩი".

20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ რუთაველის გამზირზე დაწყებული აქციების ერთერთი მთავარი მოთხოვნა, სხვა მოთხოვნებთან ერთად, საარჩევნო სისტემის ცვლილება იყო. 4 დღიანი პროტესტის შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები მაჟორიტარულის ნაცვლად პროპორციული სისტემით ჩატარდება. 

ოპოზიცია დიდი ხანია ითხოვდა დაარჩევნო სისტემის შეცვლას, თუმცა ხელისუფლებას პროპორციულზე გადასვლა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჰქონდა დაგეგმილი. 

აღსანიშნიავია, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნებში არ ყოფილა პროპორციული არჩევნების 0 პროცენტიანი ბარიერით ჩატარება, თუმცა ქართული ოცნების შემოთავაზებული ვერსიით საარჩევნო ბარიერი 0% იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიას, დაახლოებით, 12 000-დან 15 000-მდე ამომრჩევლის ხმა სჭირდება იმისთვის, რომ პარლამენტში 1 ადგილის მოპოვება მაინც შეძლოს. ოცნების პროექტის მიხედვით, ასევე გათვალისწინებულია ბლოკების აკრძალვა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები