გავრილოვის ღამე

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია 1 ივლისს, 19:00-ზე განახლდება

0 კომენტარი

საქართველოს შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია, სახელწოდებით "სირცხვილია", რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დღეს, 1 ივლისს, 19:00 საათზე განახლდება.

"პროტესტის მე-12 დღე! 12 დღის წინ, რუსი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტში სხდომას უძღვებოდა.

12 დღის წინ, ოკუპაციის წინააღმდეგ შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეები პოლიციამ არასათანადო ძალის გამოყენებით დაშალა.

"გავრილოვის ღამეს" ჰყავს დასახიჩრებული მსხვერპლი, რომელზე პასუხისმგებლობაც გახარიას უწყებას და პირველ რიგში, თავად მინისტრს ეკისრება.

იმის ნაცვლად, რომ შს მინისტრი გადადგეს, მთავრობა ორგანიზებულად ამუშავებს სამთავრობო მედიებსა და ტროლ/ბოტ გვერდებს აქციის დისკრედიტაციის მიზნით.

გვაბრალებენ პოლიტიკურ პარტიებთან "შეკვრას", წერენ, რომ გვსურს "გეი რევოლუცია" და სხვა.

შენ ხომ იცი, რომ ეს ტყუილია, ხომ იცი, რომ ერთადერთი, რაც გვინდა ისაა, რომ ამ ქვეყანაში შეცდომის დამშვებმა აღიაროს დანაშაული, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და აღარ იღებდეს ხელფასს იმ ადამიანების გადასახადებიდან, რომელი ადამიანებიც უმოწყალოდ სცემეს და დაასახიჩრეს მისივე ბრძანების გამო.

ჩვენ გვყავს 18 წლის გოგო, რომელიც ვეღარასდროს დაინახავს ცალი თვალიდან. გვყავს ბიჭი, რომელსაც ცალი თვალი მხოლოდ იმიტომ აღარ აქვს, რომ ოკუპაციას აპროტესტებდა.

შს მინისტრი გიორგი გახარია უნდა გადადგეს! ესაა ჩვენი ერთადერთი მოთხოვნა!

მოდი 19:00-ზე, პარლამენტთან ქვეყნის სამსახურში!" - წერია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

აქციის მონაწილეები მე-12 დღეა პარლამენტთან პროტესტს აგრძელებენ. მათ პროტესტის დაწყების დღიდან სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ - შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა, რომელსაც პასუხისმგებლობას აკისრებენ გავრილოვის ღამეზე, ყველა დაკავებულის გათავისუფლება და 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება. სამი მოთხოვნიდან დასაკმაყოფილებელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომაღა დარჩა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები