ლიტვა-საქართველო

მოქალაქეები მხარდაჭერისთვის მადლობის ნიშნად ლიტვის საელჩოსთან მივიდნენ

ლუკა ბიბინეიშვილი

მოქალაქეები საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობის ნიშნად ლიტვის საელჩოსთან შეიკრიბნენ. 

შეკრებას წინ უძღოდა 23 ივნისს ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის, მიერ Twitter-ზე დაწერილი პოსტი, სადაც რუსეთის "ტურისტული ემბარგოს" შემდეგ დაწყებულ კამპანიას "გაატარე ზაფხული საქართველოში" (#SpendYourSummerinGeorgia) შეუერთდა და ყველას მოუწოდა, საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენს ქვეყანაში იმოგზაურონ. 

"ეს იყო ლიეტუვის სახელმწიფოს მხრიდან საქართველოსკენ გადადგმული მორიგი მეგობრული ნაბიჯი. ლიეტუველი ერი ყოველთვის გვერდში ედგა ქართველ ხალხს და დღესაც ცხადად ვგრძნობთ მათი მხრიდან მუდმივ თანადგომას, ვკითხულობთ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერისთვის გაცხადებულ პოზიციებს და ცხადად ვხედავთ, რომ თითოეული ჟესტი განმსჭვალულია მეგობრობითა და თანადგომით. სწორედ ამიტომ ახალგაზრდების ჯგუფს გაგვიჩნდა იდეა მოკრძალებული ფორმით მადლობა გადაგვეხადა ლიეტუველი ხალხისთვის",- წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ორგანიზატორების თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და ამ აქციას პერმანენტული და უფრო მასშტაბური სახე ექნება. ღონისძიების ორგანიზატორები ლუკა ბიბინეიშვილი, თორნიკე ქარელიშვილი, ხატია ქობალია და ანი ხუფენია არიან. 

კომენტარები