არჩევნები 2020

არჩევნები 2020 - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცედურები, უპირატესობები და რისკები

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. 20-21 ივნისის აქციების დარბევის და საპროტესტო აქციების შემდეგ მმართველმა გუნდმა დამთმობი ნაბიჯი გადადგა. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პროცესი დღეს დაიწყო. ინიციატივა ქართულმა ოცნებამ წარადგინა.

რას გულისხმობს საკონსტიტუციო ცვლილება

ცვლილებები 2020 წლის პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, ამასთან, ნულპროცენტიანი (ბუნებრივი) ბარიერით. პარლამენტის მანდატის მიღება შეუძლია ყველა პარტიას, რომელიც, ხმების, სულ მცირე, 0,67%-ს დააგროვებს. 

პარტიებს აკერძალებათ ბლოკებად გაერთიანება, ხოლო გაუნაწილებელ მანდატებს ის პარტიები მიიღებენ, რომლებსაც ყველაზე ნაკლები ხმა სჭირდებათ მომდევნო მანდატის მისაღებად. 

დღევანდელ პრეზენტაციაზე ირაკლი კობახიძემ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე აღარ არის, თუმცა, საკონსტიტუციო ცვლილების ერთ-ერთი ავტორია, თქვა: 

"ფორმულა მარტივია: ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც იღებს, სულ მცირე, 1 მანდატისთვის საჭირო ხმების რაოდენობას, ეს არის ხმების 0,67%, მიიღებს მანდატს საქართველოს პარლამენტში. დადგენილია ბუნებრივი ბარიერი. 

შემდეგი არჩევნებისთვის, არსებობს კონსტიტუციის ძირითადი ტექსტი, სადაც განსაზღვრულია საარჩევნო სისტემა, კერძოდ პროპორციული სისტემა, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი შემდეგი (2024 წლის) საპარლამენტო არჩევნებისთვის". 

ცვლილება 2017 წლის 13 ოქტომბრის საქართველოს კონსტიტუციური კანონის გარდამავალი დებულების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტში შედის, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების საკითხს შეეხებოდა. 

კობახიძის განმარტებით: 

"ცვლილება შეეხება სწორედ ამ პუნქტს. ამოღებული იქნება ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ შემდეგი არჩევნები ტარდება შერეული სისტემით, ჩანაცვლდება პროპორციული არჩევნებით და ამავე პუნქტში აისახება ნულოვანი, ბუნებრივი ბარიერი". 

უფრო კონკრეტულად, პარლამენტში 28 ივნისს დარეგისტრირებული კონსტიტუციური კანონის პროექტში წერია:

“საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას”.

ქართული ოცნების მიერ დღეს ჩატარებულ პრეზენტაციას ევროპული საქართველოს, ნაციონალური მოძრაობისა და "გაერთიანებული ოპოზიციის" პარტიების წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

თუმცა, ისინი გეგმავენ, მონაწილეობა მიიღონ როგორც საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ასევე ყველა სხვა საპარლამენტო ფორმატში, რომელიც ამ მიმართულებით შეიქმნება. 

ოპოზიციის ნაწილისთვის ნულოვანი ბარიერი მისაღები არ არის და ამ მიმართულებით მმართველ გუნდთან მოლაპარაკებების წარმოებას ეცდებიან, თუმცა, მათთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა უპირველესი პრიორიტეტია. 

რას ნიშნავს პროპორციული სისტემა და აქამდე რა სისტემა გვქონდა?

არსებული მოდელით საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული წესით ტარდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 150 დეპუტატიდან მოსახლეობა 77 დეპუტატს პარტიული სიით ირჩევდა, ხოლო 73-ს - მაჟორიტარულით. პარტიები, ერთი მხრივ, 150-კაციან პარტიულ სიას წარმოადგედნენ და, მეორე მხრივ, თითოეულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს. 

ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნებზე მისვლისას ორ ბიულეტენს იღებდა. აქედან ერთზე ის სასურველ პარტიას ირჩევდა, ხოლო მეორეზე სასურველ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს საკუთარი ოლქიდან. შედეგად, 77 მანდატი პარტიებზე მათ მიერ პარტიული სიით მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდებოდა, 73 ოლქი კი თითო მაჟორიტარს ირჩევდა. პროპორციული წესით მანდატების მისაღებად არსებული მოდელით საჭირო იყო, რომ პარტიას ხმების 5%-ზე მეტი აეღო. 

2020 წლიდან კი საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის 150-ვე მანდატი პარტიული სიებიდან შეივსება. ამგვარად, პარტიების მიღებული ხმებისა და საპარლამენტო მანდატების რაოდენობა უფრო მეტად პროპორციული გახდება.

მაგალითისთვის, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციულად რომ ჩატარებულიყო, 5%-იანი ბარიერით, ქართული ოცნება 115-ის ნაცვლად 83 მანდატს მიიღებდა, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას გამორიცხავდა. უფრო ძლიერი იქნებოდა ოპოზიცია - ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც ხმების 27.11% მიიღო, პარლამენტში 27-ის მაგივრად 50 დეპუტატს შეიყვანდა, ხოლო პატრიოტთა ალიანსს (ხმების 5.01%) 17 დეპუტატი ეყოლებოდა.

რითი სჯობს სრულად პროპორციული სისტემა არსებულ შერეულ სისტემას?

პროპორციული სისტემის შემთხვევაში თითქმის შეუძლებელია, რომელიმე პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საკმარისი რაოდენობის მანდატების აღება და, შესაბამისად, ძალაუფლების სადავეების ერთპიროვნულად ხელში ჩაგდება შეძლოს. არჩევნებში გამარჯვებულ, ანუ ყველაზე მეტი ხმის მომპოვებელ პარტიას პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში აუცილებლად მოუწევს სხვა პარტიებთან კომპრომისებზე წასვლა. 

სწორედ ეს არის პროპორციული სისტემის მთავარი პლუსი, რაც ავტომატურად დადებითად აისახება ქვეყნის დემოკრატიის ხარისხზე. 

ნულპროცენტიან ბარიერთან დაკავშირებული რისკები

ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების ის წარმომადგენლები, რომლებიც დღევანდელ პრეზენტაციას ესწრებოდნენ, ამბობენ, რომ ნულპროცენტიანი ბარიერი არსებულ სისტემას ჯობია, თუმცა, რიგ საფრთხეებს ქმნის, მათ შორის უპირველესი ბიძინა ივანიშვილის მიერ პატარა პარტიების შესაძლო მოსყიდვაა. 

"რისკები არის ის, რომ პატარა და ერთმანდატიან პარტიებს ბიძინა ივანიშვილი იყიდის. ეს არის ძირითადი რისკი, თუმცა, პროპორციული ნებისმიერ შემთხვევაში 10 თავით ჯობია იმას, რაც არის დღეს - უძრაობა დაა ჭაობი პარლამენტში. კონსულტაციებში ჩავერთვებით, ვინაიდან პროპორციული იყო ყველას მოთხოვნა. რაც შეეხება ბლოკებს ან მანდატების განაწილებას, ეს არის სამსჯელო. პატარ-პატარა საკითხები არის სამსჯელო, ისე არ უნდა მოხდეს, რომ ქართულმა ოცნებამ წაიღოს ყველაფერი", - ამბობს ალეკო ელისაშვილი, "საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის თქმით, რისკები მთავრობის დაკომპლექტებას უკავშირდება, როდესაც პარტიები, მათ შორის ქართული ოცნება, სატელიტი პარტიების შექმნას შეეცდება. 

"ალბათ ყველამ უნდა ვაღიაროთ ერთი რამ - დაახლოებით 17 წელია, ოპოზიციური პარტიები ითხოვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემას და ეს მოახერხეს იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეების განმავლობაში აპროტესტებენ უსამართლო საარჩევნო სისტემას. მათ 5 დღეში მოახერხეს ამის გაკეთება. ამისთვის ჩვენ მათ დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ. მათი ასეთი პროტესტი რომ არა, ჩვენ ამას უახლოეს პერიოდში ვერ მოვახერხებდით. 

რაც შეეხება ნულპროცენტიან ბარიერს: ერთის მხრივ, ამას აქვს დადებითი მხარეები - ახალ პარტიებს მეტი საშუალება ექნებათ, შეაღწიონ პარლამენტში, ასევე, უფრო მრავალფეროვანი იქნება პარლამენტი, უფრო პროპორციულად აისახება ხმები და ა.შ. ეს არის ნამდვილად ძალიან კარგი. 

რისკები უკავშირდება მთავრობის დაკომპლექტების წესს და საშუალებას, იმიტომ რომ ჩვენი დაბალი პოლიტიკური კულტურის პირობებში შეიძლება ეს გაურთულდეთ პოლიტიკურ პარტიებს და მათი პასუხისმგებლობა იქნება ამის გაკეთება. ბევრი პარტია, მათ შორის, ქართული ოცნება შეეცდება, რომ შექმნას სატელიტი პარტიები. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაში, თუ გვეცოდინება, ვინ დგას კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დაფინანსების უკან, საზოგადოება ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას". 

პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს, შეიქმნება საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია, დაიწყება შეხვედრები შესაბამის ფორმატში, ასევე, შეიცვლება საარჩევნო კანონმდებლობა, შეცვლილი კონსტიტუციის შესაბამისად. 

საკონსტიტუციო ცვლილების პროცესი, სავარაუდოდ, 2019 წლის ბოლომდე განხორციელდება. 

კომენტარები