ნიკა მელიას საქმე

ადვოკატი: ნიკა მელიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება არ შეუჩერდება

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნიკა მელიას, ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სააპელაციო სასამართლომ მელიას პატიმრობა არ შეუფარდა. 

"ელექტრონული სამაჯურის შესაძლებლობას იძლევა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, თუმცა მე როგორც ვიცი, თუმცა, მე როგორც ვიცი, დღემდე ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა, პირველი იქნება ნიკანორ მელიასთან მიმართებაში. პირველ რიგში დაველოდები დასაბუთებულ განჩინებას. ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომელიც არის აბსოლუტურად სწორი სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ ნიკანორ მელიას, რომელიც დღეს უკვე გადაწყდა და ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, მას პატიმრობა არ შეეფარდა,"- ამბობს კონდახიშვილი.

ადვოკატისვე თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას პარლამენტში საქმიანობისგან არ ზღუდავს და ის ჩვეულებრივად გააგრძელებს დეპუტატის უფლებამოსილების გამოყენებას.

"შესაბამისად, ის არის საქართველოს პარლამენტის წევრი და მას ვერანაირი სამართლებრივი ინსტრუმენტით ვერ შეუჩერდება პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. ასევე, ცალსახაა ის, რომ მას აქვს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, რომლის შეუფერხებელ განხორციელებასაც იცავს საქართველოს კონსტიტუცია და თავისთავად ვერც პროკურორის თანხმობა და ვერც სხვა გადაწყვეტილება ვერ შეუზღუდავს ნიკანორ მელიას მისი, როგორც პარლამენტარის უფლებამოსილებას,"- ამბობს კონდახიშვილი. 

დეპუტატ ნიკა მელიას კონტროლის მიზნით ელექტრონულ სამაჯურს დაუმაგრებენ. ამის შესახებ ნიკა მელიამ სააპელაციო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეეფარდა ძალაში დატოვა. მელიას საქალაქო სასამართლომ 30 000 ლარიანი გირაო რამდენიმე დღის წინ შეუფარდა. 

სააპელაციოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიაზე ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება, მას სპეციალურ სამაჯურს დაუმაგრებენ.

სააპელაციომ ასევე არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ადვოკატები საქალაქოს მიერ მელიასთვის დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვდნენ.

საქალაქოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ეკრძალება:

  • საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე;
  • საზოადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება;
  • მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია;
  • დაეკისრა, საგამოძიებო ორგანოებისთვის პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების ჩაბარების ვალდებულება. 

ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, ამიტომ პროკურატურამ საქალაქოს გადაწყვეტილება სააპელაციოს სასამართლოში გაასაჩივრა. 

მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა მოწმეებზე ზეწოლის, დანაშაულის განმეორების და მტკიცებულებების განადგურების საფრთხის მოტივით ითხოვდა. 

26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა საგამოძიებო უწყებას მელიას დაკავების შესაძლებლობა მისცა, მას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერეს. 

მელიას მმართველი გუნდი და მათგან გამომდინარე, პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის, ორმა თვალი დაკარგა, კიდევ ორი - ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. მათ გარდა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 60 პოლიციელი. ერთი კვირაა, პარლამენტთან მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც დემონსტრანტები შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას ითხოვენ. მმართველი გუნდი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება, ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები