ალექსანდრ კალიაგინი

კალიაგინი: რობიკი [რობერტ სტურუა] მიყვება, რომ საქართველოში სიტუაცია საშიში და საშინელია

ალექსანდრ კალიაგინი
mk

ალექსანდრ კალიაგინმა, რუსეთის ფედერაციის თეატრალური კავშირის თავმჯდომარემ და თეატრ Et Cetera-ს სამხატვრო ხელმძღვანელმა თქვა, რომ არსებული მდგომარეობის გამო საქართველოში ვიზიტისაგან თავს შეიკავებს:

"იქიდან გამომდინარე, რასაც ვხედავ ტელევიზორში და საინფორმაციო სააგენტოებში და რასაც მიყვება რობიკი [იგულისხმება ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუა], სიტუაცია საშიში-საშინელია. ვიცი, რომ ქართველები სტუმართმოყვარე ხალხია, მაგრამ ისინი ფეთქებადები არიან - ასანთის ერთი ღერი საკმარისია, რომ ჩირაღდანი აალდეს. ამიტომ, ამჟამად მე თავს შევიკავებ იქ წასვლისაგან."

შეგახსენებთ, რომ კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რუს ხელოვანებს მოუწოდა თავი შეიკავონ საქართველოში ვიზიტისაგან.

გარდა ამისა, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის შემდეგ საქართველოში დაწყებული საპროტესტო აქციების პასუხად ვლადიმირ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანა დროებით აუკრძალა.

გარდა ამისა, რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა სააგენტომ (Роспотребнадзор) რუსეთში 8 ქართული კომპანიის ღვინის შეტანა აკრძალა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის ფიზკულტურის, სპორტის და ტურიზმის კომიტეტის უფროსმა მიხაილ დეგტიარევმა კი რუსებს ქართული პროდუქციის ბოიკოტისაკენ მოუწოდა და საქართველოს ურჩია, რომ აშშ-იდან და ევროპიდან ელოდოს ტურისტებს და ბორჯომი ევროპულ ბაზარზე გაყიდოს, რასაც სოციალურ ქსელში კამპანია მოჰყვა სახელწოდებით "ბორჯომს მეც დავლევ".

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ კი 20-21 ივნისის აქციებთან დაკავშირებით საკუთარ Facebook-ზე დაწერა: "ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ არის"

კომენტარები