ლიბია

ლიბიაში მიგრანტთა ბანაკზე საჰაერო თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 80-ზე მეტი

AP

ლიბიაში მიგრანტთა ბანაკზე საჰაერო თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 80-ზე მეტი. მათი უმეტესობა აფრიკელი მიგრანტები არიან, რომლებიც ლიბიის გავლით ევროპაში გადასვლას ცდილობდნენ. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.

გაეროს მიერ მხარდაჭერილი ეროვნული თანხმობის მთავრობის ინფორმაციით ბანაკზე საჰაერო თავდასხმა თვითგამოცხადებულმა ლიბიის ეროვნულმა არმიამ განახორციელა. მთავრობის მოწინააღმდეგე გენერალი ხალიფა ჰაფთარი კი ამბობს, რომ ბანაკი სამთავრობო ძალებმა დაბომბეს. მან თქვა, რომ მისმა ძალებმა საჰაერო თავდასხმა მთავრობის მხარდამჭერი ძალების ბანაკზე განახორციელეს, ხოლო მათი საპასუხო შეტევის სამიზნე შემთხვევით მიგრანტთა ბანაკი გახდა.

გენერალ ჰაფთარის ძალებს და ეროვნული თანხმობის მთავრობას შორის დაპირისპირება რამდენიმე თვეა გრძელდება. ჰაფთარმა ტრიპოლიზე საჰაერო თავდასხმების დაწყება მას შემდეგ დააანონსა, რაც, მისი თქმით "ტრადიციული ზომები" ამოწურა.

შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სხვადასხვა ძალებს შორის დაპირისპირება 2011 წელს მუამარ კადაფის ჩამოდგების და მოკვლის შემდეგ გრძელდება.

ეროვნული თანხმობის მთავრობა 2015 წელს შეიქმნა და ამჟამად მას პრემიერმინისტრი ფაიეზ ალ-სერაჯი მეთაურობს. სერაჯის თქმით მან ჰაფთარს მოლაპარაკებები შესთავაზა, რათა სისხლისღვრა თავიდან აეცილებინათ, თუმცა პასუხად "ზურგში დანა" მიიღო.

გენერალი ხალიფა ჰაფთარი 1969 წელს კადაფის ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმარა, თუმცა მასთან უთანხმოების შემდეგ ქვეყანა დატოვა და ლიბიაში 2011 წელს კადაფის წინააღმდეგ ამბოხების დაწყების შემდეგ დაბრუნდა. მისი ძალები ამჟამად ქვეყნის ყველაზე დიდ ტერიტორიას აკონტროლებენ და ჰაფთარის თქმით არ გაჩერდებიან, სანამ ქვეყანას ტერორიზმისგან არ გაათავისუფლებენ.

ლიბიის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ფრთაც.

კომენტარები