გასახვევი თამბაქო

კანონპროექტით, გასახვევი თუთუნი დაიბეგრება და უფილტრო სიგარეტზე აქციზი გაიზრდება

თბილისის ფორუმი

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, დაჭრილ (გასახვევ) თამბაქოზე აქციზის გადასახადი დაწესდება. ამასთან, ძვირდება აქციზი უფილტრო სიგარეტზეც. შესაბამისი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა

მოქმედი კანონმდებლობით თამბაქოს ნედლეული აქციზით არ იბეგრება, ხოლო მოსაწევი თამბაქო კი იბეგრება. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ამ პირობებში იმპორტის დროს იმის იდენტიფიცირება, თუ რომელი საქონელი შემოდის ქვეყანაში, ფაქტობრივად შეუძლებელია, რაც გადასახადისგან თავის არიდების მცდელობას ქმნიდა და საგადასახადო კოდექსში ერთგვარ ხვრელს წარმოადგენდა. ახალი კანონპროექტით კი, კოდექსში ეს ხვრელი აღარ იარსებებს და 1 კგ გასახვევი თუთუნი 60 ლარით დაიბეგრება. ამასთან, უფილტრო სიგარეტზე გაიზრდება ადვალური გადასახადი 10%-დან 30%-მდე და ის ფილტრიან სიგარეტს გაუტოლდება. 

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, საქონლის მიწოდება დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია კანონის მიერ გათვალისწინებული ნორმებით - ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში, გარდა ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

როგორც განმარტებით ბარათში წერია, კანონპროექტის მიზანია გადასახადების გადახდისგან თავის არიდების აღკვეთა, ასევე თამბაქოს ბიზნეს-სექტორში დასაქმებულ პირთათვის თანაბარი გარემოს შექმნა, კერძოდ, ერთ სამართლებრივ სივრცეში აღმოჩნდებიან თამბაქოს, როგორც აქციზური საქონლის მწარმოებელი პირები, ასევე ის პირები, ვინც თამბაქოს ნედლეულსა და ნარჩენებს მესამე პირებს აწვდიან. 

ხელით გასახვევი თამბაქოს დაბეგვრის ინიციატივით თავდაპირველად "ქართული ოცნების" დეპუტატი აკაკი ზოიძე 1 მარტს გამოვიდა. ზოიძე თავის ინიციატივას იმით ხსნიდა, რომ თამბაქოზე ფასის ზრდის შემდეგ, მოქალაქეებმა შედარებით იაფი ალტერნატივების ძებნა დაიწყეს. 

მაშინ ტაბულა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელს, ლაშა ხუციშვილს, დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ უწყების მიერ საგადასახადო კოდექსში მსგავსი ცვლილების ინიცირება იგეგმებოდა. ხუციშვილი ასევე გვიდასტურებდა, რომ 188-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული შენიშვნა (რომელიც გულისხმობს იმას, რომ ყალიონით მოსაწევი თამბაქო მხოლოდ იმ შემთხვევაში იბეგრება, თუ იგი დაფასოებულია პირველად საფუთავებში ნეტო-მასით არაუმეტეს 500 გრამისა) ერთგვარ ხვრელს წარმოადგენდა. 

კომენტარები