ნიკა მელიას საქმე

ჯაში მელიას კენჭისყრაზე: ჩემი გადაწყვეტილება იყო სწორი, თუ საჭიროა დავტოვებ თანამდებობას

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, მარიამ ჯაში, რომელიც ამავდროულად განათლების კომიტეტის თავმჯდომარეა, ამბობს, რომ თუ მისი განსხვავებული პოზიცია პრობლემურია, მზადაა დატოვოს პოლიტიკური თანამდებობა.

საქმე ეხება ენმ-ს წევრ ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ კენჭისყრას, სადაც მარიამ ჯაშმა უარყოფითი აზრი დააფიქსირა.

უმრავლესობის ნაწილი მას ამ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს და არსებული ინფორმაციით, ამ საკითხზე უმრავლესობის სხდომაზეც იყო მსჯელობა.

"უმრავლესობის შეხვედრამდეც, მე ვიყავი აბსოლუტურად მზად, რომ გამეზიარებინა ჩემი კოლეგების პოზიცია, თუკი ისინი ჩავიდნენ პრინციპულად, რომ ჩემი განსხვავებული პოზიცია შეიძლება ყოფილიყო პრობლემური, მე მზად ვიყავი ნებისმიერ გადაწყვეტილებისთვის. მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის დატოვებისთვის. შეხვედრის შემდგომ, მე მოგახსენეთ შეხვედრის შედეგები, მას შემდეგ მსგავსი კომუნიკაცია არ მომხდარა და ბუნებრივია, შემდგომ შეხვედრებზე თუკი წამოიწევს ეს საკითხი, მზად ვარ განხილვისთვის. მე ისევ ვრჩები იმ პოზიციაზე, რომ ჩემი გადაწყვეტილება იყო სწორი და თუკი ეს შექმნის პრობლემას, მე ვერ ვხედავ პრობლემას, რომ დამატებითი რაიმე უხერხულობა შევუქმნა კოლეგებს", - უთხრა დეპუტატმა რუსთავი 2-ს.

მარიამ ჯაში ერთ-ერთია ქართული ოცნების სამი დეპუტატიდან, რომლებმაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. მარიამ ჯაშმა თქვა, რომ ამის მიზეზი დაღუპული გმირის დედის და მისი დედამთილის თხოვნა იყო. მოგვიანებით, დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთი სენსიტიური გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი მტკიცებულებები არ ჰქონდა.

კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა რომან კაკულიამაც. მისი თქმით, მტკიცებულებები "უფრო მაღალი სტანდარტებით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი".

დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ კი განაცხადა, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას ხმა მისცა, რაც ტექნიკური ხარვეზის გამო არ ასახულა.

კომენტარები