ქუთაისის აეროპორტში მეორმილიონე მგზავრი 200-ევროიანი ვაუჩერით დაასაჩუქრეს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების დაწყებიდან 7 წლის თავზე ავიაკომპანია Wizzair-ი ორ მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. ანა ჰეინცი მეორმილიონე მგზავრი გახდა. მან დორტმუნდიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იმგზავრა. მეორმილიონე მგზავრს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და ვიზეარის ფასწარმოქმნისა და შემოსავლების დეპარტამენტის უფროსი გარტ ლუნდი დახვდნენ.

"მეორმილიონე მგზავრს 200 ევროს ღირებულების ვაუჩერი გადაეცა, რომლის საშუალებითაც მას შესაძლებლობა ექნება, ევროპის 44 ქვეყნის 146 აეროპორტის 600-ზე მეტი შემოთავაზებული მიმართულებიდან ნებისმიერით ისარგებლოს. ანა ჰეინცსა და რეისის სხვა მგზავრებს, რომელზეც ძირითადად უცხოელი ვიზიტორები იმყოფებოდნენ, საჩუქრად სიმბოლური საჩუქრები - ქართული ღვინო და ქართული წარმოების "ჩიკორის“ ჩირი დაურიგდათ" - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. 

კომენტარები