განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს დროებით უფლებამოსილება შეუჩერეს

ტაბულა

20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს გიორგი ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება შეუჩერეს. შსს ინფორმაციას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ყაყიჩაშვილს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა.

20 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 ადამიანი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა, ხოლო ორი - აქამდე მართვით სუნთქვაზეა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი. ოი კვირაა, პარლამენტთან აქციები იმართება, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, აქციის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

თავად გიორგი გახარიას თქმით, დაელოდება გამოძიების დასრულებას და თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ 20-21 ივნისის აქციის დაშლის პროცესში "დიდი ოდენობით სისტემური გადაცდომა" დადგინდება. გახარია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც აიღებს.

კომენტარები