ტურიზმი

Air Malta-მ თბილისიდან პირდაპირი ფრენები დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ავიაკომპანია AIR MALTA-მ დაიწყო. პირველი რეგულარული რეისი მალტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 06:30 წუთზე შესრულდა. საინაუგურაციო რეისის მგზავრებს საზღვარზე ქართული ღვინო და ქართული წარმოების ჩირი "ჩიკორი“ დაურიგეს. მალტაზე გამფრენ მგზავრებს კი, ავიაკომპანიის ბრენდირებული სუვენირები. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, პირდაპირი რეისები მალტიდან ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული პოტენციალის განვითარებას და ევროკავშირიდან ახალი ბაზრების ათვისებას.

"ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა ბაზარზე. განსაკუთრებით გვახარებს ევროკავშირის ქვეყნებიდან ასეთი პროცესები. დღეს დაიწყო საქართველოში ოპერირება ავიაკომპანია AIR MALTA-მ, რომელიც ერთმანეთთან არამხოლოდ საქართველოსა და მალტას დააკავშირებს, არამედ ათეულობით ქვეყანას, განსაკუთრებით კი იტალიას, სადაც ავიაკომპანია ოპერირებს. დღეიდან მგზავრებს საშუალება ექნებათ კომფორტული და თანამედროვე AIRBUS A 320 ტიპის ავიალაინერებით იმოგზაურონ საქართველოში,-‘’განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

ავიაკომპანია AIR MALTA 1974 წლის აპრილიდან ოპერირებს. მისი სათაო ოფისი მალტას საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს. ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ რეისებს ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის 39 მიმართულებით ასრულებს. 

კომენტარები