ნიკა მელიას საქმე

17 ოპოზიციური პარტია: მელიაზე სასამართლოს გადაწყვეტილებებზე საკონსტიტუციომ უნდა იმსჯელოს

ტაბულა

17 ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ ენმ-ის დეპუტატ ნიკა მელიაზე ელექტრონული მონიტორინგის დაწესება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მათი შეფასებით, ეს ნაბიჯი ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიის ლიდერის საპარლამენტო, პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მცდელობაა. ოპოზიციურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების გადაწყვეტილებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

"ქართული ოცნებისგან კონტროლირებადი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს მიერ ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, ფაქტობრივად შინაპატიმრობის დაწესებასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და წარმოადგენს ანტიდემოკრატიული მმართველობის გამოცდილების "საუკეთესო" მაგალითს.

საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება აეკრძალა. ეს შეზღუდვა მის საპარლამენტო საქმიანობასაც შეეხო. დეპუტატზე ელექტრონული მონიტორინგის დაწესება დემოკრატიული ტრადიციის ქვეყნებში უპრეცედენტოა.

საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელია დეპუტატის საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვა. აშკარაა, ეს ნაბიჯი ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიის ლიდერის საპარლამენტო, პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მცდელობაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევადი რღვევის პროცესს.

მიგვაჩნია, რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმები, რომლებმაც ამ მოსამართლეებს კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების გამოტანის შესაძლებლობა მისცა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს" - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან ახალი მემარჯვენეები, ახალი საქართველო, ახალი ქრისტიან-დემოკრატები, გამარჯვებული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ევროპული დემოკრატები, ევროპული საქართველო, ემსახურე საქართველოს, თავისუფალი დემოკრატები, კანონი და სამართალი, ლეიბორისტული პარტია, რესპუბლიკური პარტია, სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის, სახელმწიფო ხალხისთვის, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ქრისტიან-კონსერვატორები.

ნიკა მელიას მმართველი გუნდი და მათგან გამომდინარე, პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა კი, დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი ღონისძიებები (ელექტრონული სამაჯური, პასპორტის ჩაბარება, საჯარო თავშეყრის ადგილებში სიტყვით გამოსვლის აკრძალვა) შეუფარდა. მელიამ საცხოვრებელი ადგილის ყოველი დატოვებისას უნდა გააფრთხილოს საგამოძიებო ორგანო და მისგან ნებართვა აიღოს.

კომენტარები