სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი

სტუდენტები, რომლებმაც ივანიშვილს მიმართეს: მხოლოდ დესტრუქციულ ძალებს სურთ, არ შედგეს ფორმატი

"ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი", რომელმაც ბიძინა ივანიშვილს "ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს" შექმნის თხოვნით მიმართა, აცხადებს, რომ მხოლოდ დესტრუქციული ძალების ინტერესებშია, არ შედგეს ფორმატი, "რომელიც მისცემს ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას შესაძლებლობას ჩაერთოს სახელმწიფოს მართვის პროცესში".

"ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი" დღეს გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილისადმი მათი მიმართვის შემდეგ "გაჩნდა არაერთი უსაფუძვლო ბრალდება და ცილისწამება. კონკრეტული ძალები ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ხელოვნურად დაპირისპირების შექმნას ახალგაზრდებს შორის".

"უპირველეს ყოვლისა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლების მხრიდან დაშვებული იყო უხეში შეცდომა, რასაც მოჰყვა საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდების დიდი ნაწილის გულწრფელი პროტესტი და სამართლიანი მღელვარება. სამწუხაროდ, შეუძლებელი გახდა ესკალაციის თავიდან არიდება, ფიზიკურად დაშავდა არაერთი ჩვენი თანატოლი.

ღია წერილის შექმნის ერთადერთი მოტივაცია იყო, არსებული დაძაბული სიტუაციის ფონზე, ქვეყანაში გრძელვადიანი სტაბილურობის ხელშეწყობა, ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის დიალოგის გზით. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას შევთავაზეთ კონკრეტული ფორმატი, მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სახით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტის ავტორები მიუთითებენ, რომ ეს ინიციატივა არ არის დაკავშირებული ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან და აღნიშნულით მანამდეც არაერთხელ მივმართეთ პრემიერმინისტრს. მათი ინფორმაციით, 2018 წლის 21 ნოემბერს 38-მა ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა ინიციატივას და ამავე მოთხოვნით მიმართა მთავრობის მეთაურს. გარდა ამისა, განცხადების ავტორები ამბობენ, რომ ფორმატის ამოქმედებას მხარს ღიად უჭერდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაც.

"მივესალმებით პრემიერ-მინისტრის მზაობას, დაიწყოს დიალოგი ახალგაზრდებთან, რაც შემხვედრი კონსტრუქციული ნაბიჯია მისი მხრიდან. მზად ვართ, გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა ფორმატის შესაქმნელად. მხოლოდ დესტრუქციული ძალების ინტერესებშია, არ შედგეს ფორმატი, რომელიც მისცემს ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას შესაძლებლობას ჩაერთოს სახელმწიფოს მართვის პროცესში და შექმნის ყველასთვის ხელმისაწვდომ მუდმივმოქმედ საკომუნიკაციო პლატფორმას", - წერია განცხადებაში.

ამასთან, "ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი" მიუთითებს, რომ სჯერათ, "მუდმივმოქმედი საკომუნიკაციო პლატფორმა უზრუნველყოფს ახალგაზრდების პოზიციათა გათვალისწინებას, რაც ხელს შეუწყობს ევროპული ტიპის სახელმწიფოს განვითარებას".

განცხადების ავტორები ყველას, მათ შორის, მედიას მოუწოდებენ "თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისა და სპეკულაციებისგან".

შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს "სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა" გაავრცელა ღია წერილი, რომლის 35 ხელმომწერი ბიძინა ივანიშვილს "ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს" შექმნას თხოვს. დოკუმენტში წერია, რომ "დიალოგი ახალგაზრდებსა და ხელისუფლებას შორის ერთადერთი გზაა, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და შევინარჩუნოთ სტაბილურობა ქვეყანაში".

წერილის ხელმომწერები მიესალმებიან ნულოვანი ბარიერით პროპორციულ არჩევნებს. ისინი უვიზო მიმოსვლას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას იხსენებენ და ამბობენ, რომ ეს მონაპოვარი საფრთხის ქვეშ არ უნდა დადგეს. "არ დაიშუროთ ძალისხმევა, რათა ხელისუფლების სიმბოლოდ არ იქცეს თვალებდაკარგული ახალგაზრდები," - მოუწოდებენ ისინი ივანიშვილს.

წერილს იმავე დღეს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი და მთავრობის დაქვემდებარებაში "ახალგაზრდული პლატფორმის" შექმნა დააანონსა. მამუკა ბახტაძე მიესალმება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით "ახალგაზრდების კონსტრუქციულ პოზიციას".

აღსანიშნავია, რომ "სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის" წერილი და პრემიერის გამოხმაურება მიმდინარე პროტესტის ფონზე გამოქვეყნდა. აქციების მე-11 დღეს, სადაც მოქალაქეები ბოლო მოთხოვნის დაკმაყოფილებას - შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. ამ დროის განმავლობაში გამართული მრავალათასიანი დემონსტრაციებისა და მსვლელობების მონაწილეების, ასევე საორგანიზაციო ჯგუფის მნიშვნელოვან ნაწილს, სწორედ ახალგაზრდები შეადგენენ, მთავრობა კი ამის პოლიტკურ ძალებთან დაკავშირებას ცდილობს.

კომენტარები