ოქროს სია

ბიზნესგაერთიანებები "ოქროს სიის" გაუქმებაზე: გართულდა იმპორტი ასეულობით კომპანიისთვის

ფინანსთა სამინისტრო

10 ბიზნესგაერთიანების განცხადებით, ლარის გაუფასურების და არასტაბილური პოლიტიკური გარემოს ფონზე "ოქროს სიის" გაუქმება კიდევ უფრო კონტპროდუქტიულია.

"დღეს მივიღეთ ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური განმარტება საბაჟო შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელშიც მთავარ არგუმენტად მოყვანილია ბიზნესსუბიექტების გათანაბრება. ჩვენი აზრით, წლების განმავლობაში განსხვავებული პირობები ემსახურებოდა მოწესრიგებული გადამხდელების წახალისებას და არა ვინმეს დაუმსახურებელ პრივილეგირებას. ამიტომ, კიდევ ერთხელ გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი უარყოფითი პოზიცია იმპორტის გადასახდელების ვადების მოულოდნელ და მყისიერ შემცირებასთან დაკავშირებით, რითაც გართულდა იმპორტი ასეულობით კომპანიისთვის. ვფიქრობთ, რომ ლარის პერმანენტული გაუფასურებისა და არასტაბილური პოლიტიკური გარემოს ფონზე, კიდევ უფრო კონტრპროდუქტიულია მსგავსი გადაწყვეტილებები", - წერია ბიზნეს გაერთიანებების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი პროგნოზი გამართლდა და 2 ივლისს სრულად ძალაში შესულ ცვლილებებთან სწრაფი ადაპტირება რთული აღმოჩნდა არაერთი კომპანიისთვის.

"აქვე დავძენთ, რომ როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკონომიკური გუნდი აანალიზებს ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, რაც გვაძლევს იმედს, რომ მთავრობა გადახედავს ფინანსთა მინისტრის 31 მაისის N162-ე ბრძანების შინაარსსა და ვადებს, რაც ბიზნესისთვის პოზიტიური სიგნალი იქნება", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • გადასახადის გადამხდელთა კავშირი
  • დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
  • ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
  • ქართულ მაღაზიათა ასოციაცია
  • საერთაშორისო სავაჭრო პალატა
  • საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
  • ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი
  • საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
  • საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია
  • საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის, გადაწყვეტილებით კომპანიების ე.წ. ოქროს სია გაუქმდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს იმპორტის გადასახადის გადასახდელად ვადა 30 დღის ნაცვლად 5 დღე ექნება. სიაში 170-ზე მეტი კომპანიაა.

შესაბამის ბრძანებას ფინანსთა მინისტრმა 31 მაისს მოაწერა ხელი. ამ გადაწყვეტილებით, "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა "ოქროს სიაში" მყოფ კომპანიებზე და მათ საქონელზეც გავრცელდება. 

კომენტარები