განათლება

World Bank-ის მხარდაჭერით, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში 3000 ადამიანი გადამზადდება

განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში 3000 სპეციალისტი გადამზადდება. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 7 მილიონ ლარს (2,5 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს.

"დღეს დავიწყეთ მართლაც უპრეცედენტო პროექტი, რაც გულისხმობს ტექნოლოგიების სფეროში 3000 კადრის გადამზადებას. ამ პროექტის მხარდამჭერია მსოფლიო ბანკი და რესურსებით უზრუნველყოფა სწორედ მათი მხრიდან მოხდება. 3000 ადამიანს შესაძლებლობა მიეცემა ტექნოლოგიების სფეროს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის - მონაცემთა ბაზების დამუშავების, პროგრამირების, ბლოკჩეინისა და სხვა მიმართულებებით გაიარონ გადამზადების კურსები. შემოდგომიდან დაიწყება გადამზადების საერთაშორისო პროგრამები, რომლის გავლის შემდეგ, კურსადმთავრებულებს მიეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატები. ეს პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტექნოლოგიების სფეროს განვითარებას და ახალი, კვალიფიციური კადრების მომზადებას" - თქვა განათლების მინისტრმა დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელში ასევე მონაწილეობდნენ ICT სფეროს ტრენინგ-პროვაიდერები და IT კომპანიები. ისინი სატენდერო პირობებს გაეცნენ.

პროგრამის ფარგლებში 2019 წლის შემოდგომიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა გაიაროს უფასო კურსი პროგრამირების, მონაცემთა ბაზების, კიბერუსაფრთხოების, ქსელების, პროექტ-მენეჯმენტის, დიზაინის, ბლოკჩეინისა და სხვა პროფესიების მიმართულებით, ასევე მოიპოვოს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული სერტიფიკატი.

"შედეგად - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს მოქმედი 3000 ადგილობრივი სპეციალისტი გაივლის მაღალკვალიფიციურ სწავლებას, რაც მიზნად ისახავს ICT სექტორის გაძლიერებას საქართველოში და სერვისების ექსპორტის ხელშეწყობას", - აღნიშნავენ განათლების სამინისტროში.

კომენტარები