რუსეთის საგარეო უწყება: 20-21 ივნისის მოვლენებმა ჟენევის მოლაპარაკებებს ჩრდილი მიაყენა

RIA Novosti

2-3 ივლისს ჟენევაში ამიერკავკასიის შესახებ საერთაშორისო დისკუსიის მორიგი რაუნდი გაიმართა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. 

მასში ნათქვამია, რომ შეხვედრის ატმოსფეროს ჩრდილი მიაყენა 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა.  

"შეხვედრის ატმოსფეროს ჩრდილი მიაყენა 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა. მომხდარს მიეცა შესაბამისი შეფასება და მოჰყვა ადეკვატური რეაქცია ჩვენი მხრიდან. ჩვენ მოვუწოდეთ, ჟენევის მოლაპარაკებებს არ შეექმნას დამატებითი პრობლემები და ნება მივეცით, გაგრძელდეს არამარტივი, მაგრამ განსაკუთრებით მოთხოვნადი მოლაპარაკებების პროცესი", - წერს უწყება. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიუთითებს, რომ "შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ჟენევის ფორმატის მიმართ პატივისცემაზე, რომლის წყალობითაც, უკვე 10 წელზე მეტია, მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს და ნარჩუნდება სტაბილურობა საქართველოსა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან. ამ მიდგომას მოლაპარაკებების ყველა მონაწილემ მხარი დაუჭირა". 

თუმცა, უწყების განცხადებით: 

"სამწუხაროდ, შეხვედრაზე კვლავ თქვა, რომ უახლოეს მომავალში ძალის არგამოყენების შესახებ განცხადების გაკეთების შესაძლებლობა არ არსებობს. რუსულმა, აფხაზმა და სამხრეთ ოსურმა დელეგაციებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ შესაბამისი დოკუმენტის მიღება, რაც სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისკენ არის მიმართული. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო-სთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავება თბილისის არამეგობრული რიტორიკის ფონზე მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში აღიქმება, როგორც რეგიონალური უსაფრთხოების რეალური საფრთხე.

აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრებზე არსებული სიტუაცია, მოლაპარაკების მონაწილე ყველა მხარის მიერ, გარდა ქართულისა, შეფასდა როგორც სტაბილური და მართვადი. აფხაზურმა მხარემ მიაწოდა ინფორაცია საქართველოსთან საზღვრის კვეთაზე დაწესებული დროებითი შეზღუდვების მიზეზების შესახებ და ამასთანავე, წარმოადგინა მონაცემები აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან ათი წლისთავზე კრიმინალური შემთხვევების რიცხვის მნიშვნელოვან კლებაზე: ბოლო ათწლეულში 2008 – 2018 წლებში 1998-2008 წელთან შედარებით, ეს რიცხვი 243-დან 13-მდე შემცირდა. 

ჟენევის დისკუსიაში მონაწილეებმა დაადასტურეს ჰუმანიტარული საკითხების მოგვარების გზების ძიების გაგრძელების მზადყოფნა, მათ შორის, ეკოლოგიური უსაფრთხოების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძიების, განათლების და წყლის გამოყენების საკითხებში",- წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 2019 წლის ოქტომბერში გაიმართება. 

20 ივნისს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის ამღიარებელი რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, რომელიც საქართველოში ვიზიტით მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში იმყოფებოდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა.

ამას პროტესტი მოჰყვა როგორც პარლამენტის შენობაში, ოპოზიციის და მოქალაქეების მხრიდან, ასევე შენობის გარეთ. ასამბლეის სხდომა ჩაიშალა და სასტუმრო რედისონში გაგრძელდა. დემონსტრანტებმაც აქ გადაინაცვლეს. სხდომის დასრულების შემდეგ გავრილოვს წყლის ბოთლები ესროლეს და აგინეს, შემდეგ კი პროტესტი პარლამენტის შენობასთან გაგრძელდა. 

აქციის მონაწილეები თავდაპირველად ირაკლი კობახიძის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასა და დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მხრიდან მანდატის დატოვებას ითხოვდნენ. სწორედ ისინი იყვნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის და სერგეი გავრილოვის მთავარი მასპინძლები. 

აქციის მონაწილეთა ნაწილმა გამოთქვა აზრი, რომ მათ პროტესტი არა გარეთ, არამედ პარლამენტის შენობაში უნდა გაერძელებინათ. მსგავსი განცხადება გააკეთა ენმ-ის წევრმა, ნიკა მელიამაც, რის შემდეგაც მოქალაქეთა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადა, თუმცა, შენობის კიბეებთან, ასევე ეზოში, ასობით სპეცრაზმელი იდგა და მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. 

გვიან ღამით შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დარბევა გაუფრთხილებლად, მოულოდნელად დაიწყო. აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა ჯერ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ კი აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით საბოლოოდ დაშალა. რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით აპარატზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი.

მას შემდეგ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები არ წყდება. ამ ეტაპზე შეუსრულებელი მხოლოდ ერთი მოთხოვნა რჩება, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა. 

რამდენიმე დღის წინ თბილსში განვითარებულ მოვლენებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრეგორი კარასინიც გამოეხმაურა და თქვა, რომ "მისთვის მტკივნეულია გაცნობიერება, რომ სააკაშვილის სკოლის რადიკალებს საშუალება მიეცათ, 20-21 ივნისის აქცია ანტირუსულ დემონსტრაციად ექციათ" და რომ "უხეშობის და მუქარის გადაყლაპვა რუსეთის ტრადიცია არ არის". 

კომენტარები