მივლინების გამო, გიგი უგულავა მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვაზე დღეს არ მივა

ევროპული საქართველოს წევრი, გიგი უგულავა ამბობს, რომ 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე მაგისტრ მოსამართლესთან გამოკითხვაზე დღეს არ მივა, რადგან კოლეგებთან ერთად მივლინებით გერმანიაში მიემგზავრება.

უგულავას განმარტებით, გერმანიაში ინტერრელიგიური დიალოგის კონფერენცია ტარდება, რომელიც 2-3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობის თანხმობა რამდენიმე თვის წინ მისცა. მას გამოკითხვაზე მისვლა 8 ივლისიდან, ორშაბათიდან შეეძლება. მისი თქმით, ადვოკატს ამ საკითხზე უკვე ჰქონია საგამოძიებო ორგანოებთან კომუნიკაცია.

"განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ვისმენთ, რომ თურმე დაშლა საერთოდ არ ყოფილა და მოგერიება იყო; თურმე სპეცრაზმელები მოქმედებდნენ თვითდინებით, გადაწყვეტილებას თვითონ იღებდნენ და არანაირი ბრძანება არ ჰქონიათ; სახეზე გვაქვს გამოძიების ფუნდამენტური გაყალბების მცდელობა და რეალობის დამახინჯება - განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ სამართლებრივად გამაგრდეს სიმართლე და ძალიან კარგია, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მოხდება ჩვენი დაკითხვა. რადგან ახლანდელი გამოძიების იმედი არ მაქვს, იმისთვის, რომ საზოგადოებამ ახლა თუ არა, მერე მაინც გაიგოს, მე ვაპირებ მაგისტრ მოსამართლესთან მოვყვე ყველა ის დეტალი, რომელიც ამხელს ხელისუფლებას", - ამბობს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის შემდეგ, შსს-მ და პროკურატურამ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაიწყეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილს პროვოკაციების მოწყობასა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ. შსს-მ გამოძიების დაწყებისთანავე განაცხადა, რომ გამოკითხვაზე დაიბარებდნენ ნიკა მელიას, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილს. მოგვიანებით, პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალიც წარუდგინა. ენმ-ის დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა, ასევე, გაუკეთდა ელექტრონული სამაჯური.

კომენტარები