კამპანია

CNN-ის ჟურნალისტი მოგზაურებს: ესტუმრე საქართველოს პუტინის ჯიბრზე

სირცხვილია - ანტირუსული აქცია პარლამენტის წინ
CNN

CNN-ის ჟურნალისტმა უილ კეთკარტმა ბლოგი გამოაქვეყნა, რომელშიც მოგზაურებს მოუწოდებს, რომ საქართველოს ეწვიონ. 

"ძვირფასო მოგზაურებო, ღვინისა თუ ზღვის მოყვარულებო, რომანტიკოსებო და ისტორიკოსებო, ვისაც გსურთ, რომ გააკეთოთ რაიმე პუტინის ჯიბრზე, თქვენ საქართველოს სჭირდებით. თუ გსურთ, რომ ესტუმროთ პატარა შავი ზღვის ქვეყანას რუსეთსა და თურქეთს შორის, ახლა ნამდვილად ამის დროა. თუ უკვე ნამყოფი ხართ საქართველოში, დროა კვლავ დაბრუნდეთ,"-ასე იწყება ჟურნალისტის მიმართვა. 

უილ კეთკარტი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიზანია დაიმორჩილოს, დასაჯოს და გააკოტროს ქართველი ხალხი მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სიმართლის თქმა სურთ.

"პუტინს ნებისმიერ ძალაზე მეტად თავისუფლების ეშინია,"-ნათქვამია ბლოგში.

კითხვაზე, თუ რატომ აკეთებს პუტინი ამას, ჟურნალისტი განმარტავს, რომ ამის ორი მიზეზი არსებობს. პირველი - მას ეშინია, რომ რუსი ხალხი ნახავს ქართველთა პროტესტს და გაუჩნდება სურვილი, იგივე გააკეთოს. მეორე - პუტინს სურს, რომ შეცვალოს ნარატივი და რუს ხალხს აფიქრებინოს, თითქოს ქართველთა პროტესტი რუსოფობიური დემონსტრაციაა.  

უილ კეთკარტი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც 10 წელია, საქართველოში ცხოვრობს. 2010-2011 წლებში ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მედია მრჩეველი იყო. როგორც ჟურნალისტი ამბობს, საქართველოში ბიზნესის განვითარებითაა დაინტერესებული და უახლოეს მომავალში თავადაც გეგმავს სასტუმროს გახსნას. კეთკარტი 20-21 ივნისის აქციებს აშუქებდა. 

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის შემდგომ რუსეთიდან საქართველოში ფრენებზე დროებითი აკრძალვა დააწესა. აკრძალვა 2019 წლის 8 ივლისს შევა ძალაში. კრემლის მეთაურის გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოში ჩამოსვლაზე უარის თქმა დაახლოებით 155 ათას რუს ტურისტს უწევს. პუტინის ტურისტული ემბარგოს  შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციამ კამპანია წამოიწყო - "ესტუმრე საქართველოს", რომლის მიზანია, საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტების დიდი რაოდენობა მოიზიდონ.  

კომენტარები