კალაძე: მაკო გომურის საზღვარგარეთ მკურნალობას "ქართუ" აფინანსებს და არა - მე

კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მაკო გომურის საზღვარგარეთ მკურნალობას ფონდი ქართუ აფინანსებს და არა თავად. 18 წლის გოგომ 20 ივნისის აქციის დარბევაზე რეზინის ტყვიით თვალი დაკარგა. ის ახლა მიუნხენში იმყოფება სამკურნალოდ.

"რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე დავაფინანსე მაკო გომურის უცხოეთში გამგზავრება და მკურნალობა. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. ბევრს ვეხმარებით, სიკეთეს ვაკეთებთ, მაგრამ ამაზეც არც მისაუბრია და არც ახლა ვაპირებ. მით უფრო, სრულიად მიუღებელია მივითვისო ის საქმე, რაც არ გამიკეთებია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია. მე მოვისმინე "ქართუს" განცხადება. ფონდი თავისთავზე იღებს დაზარალებულთა მკურნალობის სრულ ხარჯებს, რაზეც მინდა მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

20 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი. ორი კვირაა, პარლამენტთან აქციები იმართება, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, მიტინგის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

თავად გიორგი გახარიას თქმით, დაელოდება გამოძიების დასრულებას და თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ 20-21 ივნისის აქციის დაშლის პროცესში "დიდი ოდენობით სისტემური გადაცდომა" დადგინდება. გახარია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც აიღებს.

კომენტარები