საკონსტიტუციო სასამართლო

სასამართლო: კერძო ობიექტზე საპროტესტო ბანერის განთავსების აკრძალვა არაკონსტიტუციურია

ენმ

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საიას სარჩელი და არაკონსტიტუციურად სცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი პუნქტი, რაც კრძალავდა შენობაზე საპროტესტო პლაკატის ან ბანერის განთავსებას მერიის თანხმობის გარეშე. ამ საქმეში საია წარმოადგენდა "ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ ოზურგეთის ორგანიზაციის სამი აქტივისტის ინტერესებს, რომლებმაც 2015 წლის 15 სექტემბერს მაშინდელი პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოზურგეთში სტუმრობის გასაპროტესტებლად კერძო საკუთრებაში არსებული სახლის შენობიდან გამოფინეს ბანერი წარწერით "მატყუარა მთავრობა.“ მაშინ ბანერი დაუყოვნებლივ ჩამოხსნეს და აქტივისტები დააკავეს. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სამივე აქტივისტი სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და გამოუცხადა სიტყვიერი შენიშვნა.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად სცნო გასაჩივრებული ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რაც მესაკუთრეს ართმევს უფლებას, საკუთარი სახლის ფასადზე განათავსოს ბანერი დროებით, მერიის თანხმობის გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნია იმ პირის დასჯა საპროტესტო ბანერის დროებით შენობაზე დროებითი განთავსებისათვის, რომელიც ამას შენობის მესაკუთრის თანხმობით აკეთებს. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საქმეში გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დაადგინა.    

"პლაკატის, ლოზუნგის და ბანერის ნორმალური გამოყენების პირობებში, როგორც წესი, ისინი არ ტოვებენ ხანგრძლივ და წარუშლელ კვალს შენობის ფასადზე. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი ინტენსიური შეზღუდვის საპირწონე ვერ იქნება ამა თუ იმ შენობა-ნაგებობის იერსახის ხანმოკლე, დროებითი სახეცვლილება. შესაბამისად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმის ის შინაარსი, რომელიც კრძალავდა მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით მის საკუთრებაში არსებულ ობიექტზე ბანერის, ლოზუნგის ან პლაკატის სპონტანური საპროტესტო აქციის ფარგლებში ხანმოკლე ვადით განთავსებას" - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

რაც შეეხება პლაკატების, ლოზუნგების და ბანერების საკრებულოს შენობის ფასადზე განთავსებას საკრებულოს წევრის მიერ, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა უკავშირდება სპეციფიკურ ობიექტს.

"კერძო მესაკუთრის მიერ მისი კუთვნილი შენობა-ნაგებობით სარგებლობისგან განსხვავებით, საკრებულოს წევრს არ აქვს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოების თანხმობა, განათავსოს საკრებულოს შენობის ფასადზე რაიმე ობიექტი. მუნიციპალიტეტს აქვს განსაკუთრებული ინტერესი, რომ მისმა უფლებამოსილმა, ლეგიტიმურმა ორგანოებმა სათანადო დანიშნულებით მოიხმარონ ესა თუ ის საჯარო რესურსი და არ მისცენ შესაძლებლობა ამა თუ იმ პირს, თვითნებურად ისარგებლონ ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებით. ამდენად, საკრებულოს წევრის გამოხატვის თავისუფლების დაცვის ინტერესი ვერ გადაწონის ადგილობრივი თვითმმართველობის მომეტებულ ინტერესს, რომ მისი ქონება არ იქნეს უნებართვოდ გამოყენებული. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის ეს შინაარსი არ ეწინააღმდეგებოდა  საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას" - წერია გადაწყვეტილებაში.

კომენტარები