20 ივნისის აქცია

20 ივნისის აქციის 4 მონაწილე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს

ტაბულა

20-21 ივნისის აქციის 4 მონაწილე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

"დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და შესაბამისი მტკიცებულებებისა და სასამართლო განჩინების მოპოვებისთანავე, ეტაპობრივად გაგრძელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. დღეს დაკავებული 4 პირი არის: 1987 წელს დაბადებული ზურაბ ბუდაღაშვილი, 1980 წელს დაბადებული კახაბერ კუპრეიშვილი, 1994 წელს დაბადებული ცოტნე სოსელია და 1974 წელს დაბადებული ბესიკ თავლიანი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რა დროსაც სხვადასხვა საგნის გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას. კერძოდ, ზურაბ ბუდაღაშვილი ხელკეტის გამოყენებით არაერთხელ დაესხა თავს სამართალდამცველებს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა მათ. კახაბერ კუპრეიშვილი პოლიციის მიმართულებით ისროდა სხვადასხვა საგანს, აგრესიულად თავს ესხმოდა და ძალისმიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცველებს. ცოტნე სოსელია ხელკეტის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველს და ფიზიკურად გაუსწორდა, ხოლო ბესიკ თავლიანი, ასევე, თავს დაესხა პოლიციის არაერთ თანამშრომელს" - აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქციის საქმეზე ორი გამოძიებაა დაწყებული. ერთი "ცალკეულ პირებს" ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხებას და პარლამენტის შტურმს ედავება, ხოლო მეორე - აქციის მონაწილეების მიმართ "ცალკეული სამართალდამცველების მხრიდან" ძალის გადამეტების ფაქტებს სწავლობს.

პირველ საქმეზე ბრალი წარუდგინეს ენმ-ის დეპუტატს ნიკა მელიას და დააანონსეს, რომ "უახლოეს პერიოდში ბრალდებულთა წრე გაიზრდება", მეორეზე კი - სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა. პროკურატურის ცნობით, "საქმეზე ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში გახდეს შესაძლებელი შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება".

20-21 ივნისის ღამეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეცრაზმმა ძალადობრივად დაშალა. დაშავდა 160 სამოქალაქო პირი, მათ შორის ორმა თვალი დაკარგა. მათ გარდა, კლინიკებში გადაიყვანეს 80 პოლიციელი. ორი კვირაა, პარლამენტთან აქციები იმართება, სადაც დემონსტრანტები ითხოვენ, მიტინგის ძალადობრივად დაშლაზე პასუხისმგებლობა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ აიღოს და თანამდებობა დატოვოს. მმართველი გუნდი კი გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ვერ ხედავს - ქართული ოცნება ერთი მხრივ "პროვოკატორი ოპოზიციონერების", მეორე მხრივ კი, იმ სპეცრაზმელების დასჯას აპირებს, ვინც ძალას გადაამეტა. შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა ათ სამართალდამცველს, მათგან ორის ქმედებებში კი, "სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები დაინახა".

თავად გიორგი გახარიას თქმით, დაელოდება გამოძიების დასრულებას და თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ 20-21 ივნისის აქციის დაშლის პროცესში "დიდი ოდენობით სისტემური გადაცდომა" დადგინდება. გახარია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც აიღებს.

კომენტარები