რუსეთის სპეცაგენტები საქართველოში

"ოკუპანტი ერთობა" - სავარაუდოდ FSB-თან დაკავშირებული რუსი პრანკერი თბილისშია

0 კომენტარი

თბილისში ცნობილი რუსი პრანკერი ალექსეი სტოლიაროვი იმყოფება. ის პარლამენტის წინ მიმდინარე ანტიოკუპაციურ აქციებზე რუსული პროპაგანდისტული მედიის Russia Today-ის მაისურითა და რუსეთის კეპით დადის. არაერთი წყაროს ცნობით, სტოლიაროვი, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურებთან არის დაკავშირებული.

სტოლიაროვის პირველი ფოტო თბილისიდან 3 ივლისს Russia Today-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა, გამოაქვეყნა. ფოტოზე სტოლიაროვი რუსთაველის გამზირზე დგას, უკან კი ჩანს, როგორ ემზადებიან ორგანიზატორები აქციისთვის. 

"პრანკერი ლექსუსი ჩვენს მაისურში (ზუსტად ამ წუთებში საქართველოში)" - წერს პროპაგანდისტული მედიის მთავარი რედაქტორი. 

მოგვიანებით იგივე ფოტო სტოლიაროვმა თვითონაც დადო და დააწერა: "საქართველოს პარლამენტთან! ჩიტო-გვრიტო".

რამდენიმე საათში მან 15-წამიანი ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც პარლამენტის წინ მოქალაქეები იკრიბებიან. ვიდეოს ქვეშ კი არც მეტი, არც ნაკლები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა თავისი ვერიფიცირებული, ოფიციალური Facebook-გვერდით უკომენტარებს: "გენიალურია!"

სტოლიაროვი დღეს პარლამენტის წინ გამართულ აქცია-კონცერტზეც იმყოფებოდა. მის მიერ გადაღებულ სელფი ვიდეოში ჩანს ბიჭი, რომელსაც მაისურზე ინგლისურად "რუსეთი ოკუპანტია" აწერია. სტოლიაროვს თავზე კეპი ახურავს, წარწერით "RUSSIA", რომელსაც დემონსტრაციულად აჩვენებს ვიდეოში. პოსტის აღწერაში კი ვკითხულობთ: "ოკუპანტი ერთობა". 

ალექსეი სტოლიაროვი, მეტსახელად "ლექსუსი", ცნობილი რუსი პრანკერია. პრანკი სატელეფონო ხულიგნობას ნიშნავს, როდესაც ერთი ადამიანი მეორეს ურეკავს და სხვა პიროვნებად ასაღებს თავს. შემდეგ კი ეს სატელეფონო ჩანაწერი, როგორც წესი, პრანკერის მიერ სოციალური ქსელების მეშვეობით საჯაროვდება. ბოლო პერიოდში რუსეთში პრანკერების რიცხვმა განსაკუთრებით იმატა. მათი მსხვერპლი მათ შორის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილიც გახდა.

სტოლიაროვის FSB-თან კავშირზე ბრიტანული გამოცემა Guardian-იც წერდა თავის ვრცელ სტატიაში, რომელიც სტოლიაროვსა და მის პარტნიორ ვლადიმერ კუზნეცოვს ეხება.

სხვა საკითხებთან ერთად ეჭვის საფუძველს ისიც აჩენს, რომ პრანკერი დუეტის მიერ მოტყუებული ცნობილი ადამიანები, ძირითადად, რუსეთის მოქმედი ხელისუფლების მტრები არიან. სტოლიაროვისა და მისი პარტნიორის ერთერთი ყველაზე ცნობილი მსხვერპლი სწორედ ნადეჟდა სავჩენკო აღმოჩნდა - უკრაინელი მფრინავი, რომელიც რუსეთში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

მათი კიდევ უფრო ცნობილი მსხვერპლი მუსიკოსი ელტონ ჯონიც გახდა, რომელიც ვლადიმერ პუტინს ხშირად აკრიტიკებდა გეი ადამიანების მიმართ მისი პოლიტიკის გამო და არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მას პუტინთან გასაუბრება სურდა. სწორედ რუსეთის პრეზიდენტის სახელით დაუკავშირდა მას სტოლიაროვი და შემდეგ კი ეს სატელეფონო ჩანაწერი YouTube-ზე გამოაქვეყნა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები