საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი: მე და ჩემი ჯგუფი ვუერთდებით სამართლიან პროტესტს

ბაჩო ქაჯაია
საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის "ღამის შოუ პირველზე"-ს წამყვანმა, ბაჩო ქაჯაიამ, გადაცემის დაწყებამდე მაყურებელს მიმართა და თქვა, რომ ის და მისი ჯგუფი უერთდება საზოგადოებრივ პროტესტს, რომელიც 20 ივნისს მომხდარმა მოვლენებმა გამოიწვია.

ბაჩო ქაჯაიას თქმით, ეს სეზონის ბოლო გადაცემა იყო.

"მე და ჩემი შემოქმედებითი ჯგუფი ვუერთდებით იმ სამართლიან პროტესტს, რომელიც გამოიწვია 20 ივნისს პარლამენტში რუსი ოკუპანტების მისვლამ. ასევე, მინდა გამოვხატო ჩვენი აღშფოთება, რა ფორმითაც მოხდა იმავე საღამოს აქციის დაშლა. მინდა ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო, როგორც სამოქალაქო, ასევე, სამართალდამცველების მხრიდან. დღეს “ღამის შოუ პირველზე"-ს სეზონის ბოლო გადაცემაა. შესაბამისად, მე ეთერიდან გემშვიდობებით. აქვე, მინდა გითხრათ, რომ ვუერთდები ძალიან კარგ კამპანიას “გაატარე ზაფხული საქართველოში”. იმედი მაქვს, ქვეყანაში მდგომარეობა მალე დასტაბილურდება, ბევრი თქვენგანი შემოუერთდება ზემოთ ხსენებულ კამპანიას და ერთმანეთს შევხვდებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში”, – თქვა წამყვანმა.

"ღამის შოუ პირველზე"-ს წამყვანს მიმართვის დროს მაისური ეცვა, რომელზეც "რუსეთი ოკუპანტია" წერია და მავთულხლართებით არის შემოსაზღვრული.

კომენტარები