გავრილოვის ღამე

აქ ვდგავარ და სხვანაირად არ ძალმიძს

გიორგი ჩიტიძე
0 კომენტარი

სწორედ ასე უნდა დამესრულებინა ჩემი პირველი გამოსვლა საჯარო მანიფესტაციაზე, ათასობით ადამიანის წინაშე. თუმცა, შემდგომში, გადავიფიქრე და გამოსვლა დავასრულე ოდნავ პათეტიკური და ტრივიალური, თუმცა, ვფიქრობ, მაინც მნიშვნელოვანი ფრაზით: "ჩვენ გავიმარჯვებთ“.

მიმდინარე წლის 19-20 ივნისს, მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. დილიდან, გავრცელდა შემზარავი კადრები, რომელზეც აღბეჭდილი იყო პარლამენტის თამჯდომარის სავარძელში მოკალათებული ოკუპანტი სახელმწიფოს, კომუნისტ - მართლმადიდებელი (ასეთი ოქსიმორონი მხოლოდ რუსეთში თუ შეიძლება მოხდეს) დეპუტატი, რომელიც, საბოლოოდ ჯერ პარლამენტიდან, ხოლო მოგვიანებით უკვე ქვეყნიდან, სრულიად დამსახურებულად მიაბრძანეს. სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არამედ საპარლამენტო ოპოზიციისა და საზოგადოების დამსახურებით. მეტიც, როგორც ბატონი გავრილოვი უკვე მოსკოვიდან იქადნიდა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას ბოდიშიც კი მოუხადეს შექმნილი "დისკომფორტის“ გამო.

მოგვიანებით, რუსთაველის გამზირზე, სახელმწიფომ სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა და საკუთარ მოქალაქეებს თვალები დათხარა იმისთვის, რომ მათ ოკუპაცია და რუსეთის მორიგი თავხედური საქციელი გააპროტესტეს.

მოკლედ, აქციაზე გამოსვლამდე, ვიყავი ერთდროულად გაბრაზებული, აღშფოთებული და შეურაცხყოფილი. თუმცა, ასევე მეუფლებოდა ბედნიერების გრძნობაც იმის გამო, რომ როგორც იქნა, ჩვენმა საზოგადოებამ და, განსაკუთრებით, ჩემმა თაობამ, ერთმნიშვნელოვნად და ცხადად დააფიქსირა, რომ ჩვენი სახელმწიფო ყოველთვის იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული. სხვა გზა არ გვაქვს. სხვანაირად არ შეგვიძლია.

თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. აქციები უკვე მე-16 დღეა მიმდინარეობს, აწ უკვე ერთადერთი მოთხოვნით: „გადადგეს მინისტრი გახარია“. გუშინ კი, აღინიშნებოდა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე. შესაძლოა, მკითხველი ოდნავ დაიბნეს და იკითხოს, რა შუაშია ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან. სინამდვილეში, არათუ შუაში, არამედ - თავშია.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანი ფაქტია რომ, აშშ-ის დამფუძნებელ მამებად წოდებული ადამიანები, ჩვენდა გასაკვირად, თურმე ძალიან ახალგაზრდები ყოფილან, როდესაც დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღეს და ბრიტანეთის იმპერიის ბატონობისგან გათავისუფლდნენ. უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ, ჰამილტონს, მარშალს, ჯეის და სხვებს რომ ჩვენს დროში ეცხოვრათ, აუცილებლად პარლამენტის წინ იდგებოდნენ და ოკუპაციას გააპროტესტებდნენ.

თუმცა, მხოლოდ ასაკსა და თაობაში არაა საქმე. ვფიქრობ, რუსთაველზე მდგომი ახალგაზრდების პროტესტი ფუნდამენტურად განსხვავებულია იმისგან, რასაც ბოლო წლებში, იმავე თაობის ადამიანებისგან ვისმენდით.

და მაშინ, რაზე ლაპარაკობენ ათასწლეულად წოდებული თაობის ადამიანები და რატომ არ ისმოდა მათი ხმა დღემდე?

2000-იანი წლების დასაწყისში, ძალიან ბევრ ახალგაზრდას, საშუალება მიეცა, ესწავლათ დასავლეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში, როგორც ჩვენი სახელმწიფოს, ასევე სხვადასხვა ფონდისა და დონორის დახმარებით.

ამავდროულად, დასავლური უნივერსიტეტების, განსაკუთრებით, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტების ცხადი ტენდენციაა, ისაუბრონ და ასწავლონ ის საკითხები, რომლებიც, როგორც წესი, მემარცხენე იდეოლოგიის, პოლიტიკისა და პრაქტიკის დისკურსის ნაწილად აღიქმება. ეს საკითხები აქტუალურად მიიჩნევა დასავლეთში, მის პოლიტიკურ და ინტელექტუალურ წრეებში, თუმცა, ვფიქრობ, საკმაოდ აცდენილია ჩვენი ქვეყნის რეალობასა და კონტექსტს.

შესაბამისად, უკანასკნელ წლებში, ჩემი თაობის მიერ ორგანიზებული საჯარო პროტესტის ნებისმიერ ტალღა, იქნებოდა ეს ლაბორატორია 1918-ის მიერ უნივერსიტეტში თვითმმართველობის წინააღმდეგ წამოწყებული ბრძოლა, თუ შრომითი უფლებებისა თუ ეკოლოგიური პრობლემების წინააღმდეგ გალაშქრება ანდა ღამის კლუბების დარბევით გამოწვეული ფართომასშტაბიანი დემონსტაციების გამართვა, ადამიანები ლაპარაკობდნენ აბსოლუტურად განსხვავებულ საკითხებზე და განსხვავებული ენით, ვიდრე აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორები და რიგითი გამომსვლელები.

და მაინც, რა განსხვავებაა ამ ერთი თაობის ადამიანებს შორის? განსხვავება საკმაოდ ნათელია. 20 ივნისის მოვლენებამდე, საჯარო სივრცეში ხილული ახალგაზრდები, ძირითადად, საუბრობდნენ შემდეგ თემებზე: დეკოლონიზაცია, იმპერიალიზმი, ნეოლიბერალიზმი, უთანასწორობა, მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფების უფლებების დაცვა, სოციალური ეკონომიკური და კულტურული უფლებების უზრუნველყოფა და სახელმწიფოს როლის გაძლიერება და სხვ.

მთელი ამ რიტორიკის, ღირებულებებისა და მორალის უკიდურესად გამარტივებული ფორმულა შემდეგნაირად გამოიყურება: მართალია, რუსეთის ოკუპანტია და იმპერილისტური ძალა, თუმცა აშშ-იც ხომ ასეთია? ამ თემას ეძღვნება დისკუსიები, ლექციები, კონფერენციები და სხვა აქტივობები. ბუნებრივია, ამ წერილის მიზანი არ არის, ღრმა აკადემიურ დისკუსიაში შესვლა და კონტრ-არგუმენტების წარმოდგენა.

უფრო მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ რუსთაველზე მიმდინარე აქციების მრავალფეროვნებისა და სიჭრელის მიუხედავად, მისი მთავარი სათქმელი აბსოლუტურადა განსხვავებულია, ვიდრე აქამდე მოგვისმენია. ჩემი აზრით, როგორც ორგანიზატორებმა, ასევე რიგითმა მონაწილეებმა საკმაოდ ნათლად და არაორაზროვნად განაცხადეს, რომ „ადამიანები შექმნილი არიან როგორც თანასწორი არსებანი, რომ მათ მინიჭებული აქვთ ისეთი ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ ლტოლვა; მათ სჯერათ, რომ სწორედ ამ უფლებათა განსამტკიცებლად იქმნებიან მთავრობები, რომლებიც თავიანთ კანონიერ ძალაუფლებას ღებულობენ იმათი თანხმობით, ვისაც ისინი განაგებენ“. ისინი არიან ფერადები, განსხვავებულები და პრინციპულები. მათ სურთ თავისუფალი ქვეყანა, თავისუფალი ერთადერთი ძალადობრივი იმპერიისგან, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ეწოდება.

ისევე როგორც, ეს უნდოდათ და გააკეთეს 1776 წლის 4 ივლისს, ამერიკელმა თინეიჯერმა და პოსტ-თინეიჯერობის ასაკში მყოფმა დამფუძნებელმა მამებმაც.

ხოდა, ვინაიდან, "ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა“, მჯერა, ჩვენ ვაჯობებთ მამებს. და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავიმარჯვებთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები