შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: ქურდული სამყაროს წევრობისთვის 10 პირი დავაკავეთ, ისინი მოქალაქეებს თანხას სძალავდნენ

შსს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, მთელი საქართველოს მასშტაბით ე.წ. ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავეს, ერთს კი ბრალი N17 პენიტენციალურ დაწესებულებაში წარუდგინეს. 

დაკავებულები არიან: 1992 წელს დაბადებული ჯ.შ., 1996 წელს დაბადებული თ.მ., 1973 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად "ლამბო"), 1974 წელს დაბადებული ა.ა. ( მეტსახელად "ოსკარი", იგივე "ალესკერი"), 1980 წელს დაბადებული ა.ვ. (მეტსახელად „ხომეინი“), 1980 წელს დაბადებული დ.ბ. (მეტსახელად "გოჭი"), 1985 წელს დაბადებული რ.ჯ. (მეტსახელად „ჯოლო“), 1985 წელს დაბადებული რ.კ. (მეტსახელად "ბაჩო"), 1981 წელს დაბადებული თ.ქ. (მეტსახელად "წიე") და 1988 წელს დაბადებული ი.გ. (მეტსახელად "ყურშა"). სამართალდამცველებმა 1986 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს (მეტსახელად "ლერის") ანალოგიური დანაშაულისთვის ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წაუყენეს.

მამუკა ჭელიძის ცნობით, ბრალდებულები ე.წ. კანონიერი ქურდების სახელით თანხას სძალავდნენ, აშინებდნენ და ემუქრებოდნენ მოქალაქეებს.

"ერთ-ერთ მოქალაქეს თავისი კუთვნილი ავტომობილი გამოსძალეს, ხოლო სხვა მოქალაქეს ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მისაღებად 4 000 ლარის გადაცემა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შვილებისა და შვილიშვილებისთვის საფრთხის შექმნით დაემუქრნენ.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ციხეში მყოფი ქურდული სამყაროს წევრი, მეტსახელად „ლერი“ კრიმინალური გავლენების გამოყენებით აგროვებდა ე.წ. „საერთოს“ (იგივე „ობშიაკს“) და აგზავნიდა თურქეთში მყოფი კანონიერი ქურდის - მინდია ლავასოღლის გარემოცვასთან. მასთან ერთად ამ პროცესში მონაწილეობდა დაკავებულთა შორის მყოფი, ე.წ. ქურდული სამყაროს 5 წევრი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთმტკიცებად ე.წ. "ობშიაკის" თანხა ამოიღო, რომელიც კანონიერი ქურდისთვის, მინდია ლავასოღლისთვის გადასაცემად იყო განკუთვნილი" - თქვა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

გამოძიება "ქურდული სამყაროს" წევრობის ფაქტებზე გრძელდება. მუხლი 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები