დიღმელაშვილი: ხელისუფლებას მორალური უფლება არ აქვს, სხვების ბრალეულობაზე ისაუბროს

შოთა დიღმელაშვილი
ტაბულა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების "სირცხვილია" ერთერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი 20 ივნისის საქმეზე 4 ივლისს დაკავებულებზე დამატებით კომენტარს აკეთებს. 

დიღმელაშვილი ამბობს, რომ მისთვის და აქციის სხვა ორგანიზატორებისთვის ნებისმიერი მხარის მიერ ძალადობა მიუღებელია, თუმცა ამავდროულად, ის უნდობლობას უცხადებს ქართულ სასამართლოს, რომელმაც დაკავებული პირების ბრალეულობა უნდა გამოკვეთოს. 

ამის შესახებ დიღმელაშვილმა დღეს აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ აქვს მორალური უფლება სხვების ბრალეულობაზე ისაუბროს მანამ, სანამ გიორგი გახარია კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებს. 

"ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ გამოუშვან უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები. ჩვენ არ ვიცით საქმის დეტალები ჯერჯერობით, მაგრამ იმაზე ხო ყველა შევთანხმდებით, რომ ძალადობას ყველა მხრიდან ვგმობთ და ჩვენ, უბრალოდ, არ გვჯერა სასამართლოსი და ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი მორალური უფლება ვინმეს დანაშაულზე ილაპარაკოს, სანამ საკუთარ რიგებში დამნაშავეებს არ გამოავლენს და ჩვენ ამ აზრზე მყარად ვდგავართ. თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ რომელიმე მხარეს ძალადობა მისაღებია და რომელიმე მხარეს - არა. ჩვენ არ მივატოვებთ არცერთ უკანონოდ დაპატიმრებულს და თუ დავრწმუნდებით, რომ ადამიანები უკანონოდ არიან დაპატიმრებულნი, ეს გამწვანებული მოთხოვნა, კვლავ გაწითლდება. მაგრამ ამავდროულად, ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ სასამართლოს, მურუსიძის სასამართლოში არ ვიცით, როგორ აღსრულდება სამართალი. ჩვენ მოსამართლეების განჩინებას არ ველოდებით, უბრალოდ, საქმის მასალები გვინდა, რომ ვნახოთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთადერთი საშუალება ამ ხელისუფლებისთვის, მოიწმინდოს ტალახი სახიდან, არის ის, რომ იმ საბედისწერო გავრილოვის ღამის შემდეგ, როდესაც საკუთარ მოქალაქეებზე ნადირობა გამოცხადდა თბილისში აკრძალული ხერხით, ამის გამო მინისტრი გადადგეს და ცინიკურად არ გვითხრას, მე თვითონ გამოვიძიებ ჩემს გადაცდომებსო. სახელმწიფოს არ აქვს მორალური უფლება აამუშავოს თავისი რეპრესიული აპარატი, სანამ თანამდებობაზეა გიორგი გახარია. ჩვენ არ ვენდობით არანაირ გამოძიებას, თუმცა ვგმობთ ძალადობას ორივე მხრიდან, ესაა ჩვენი პოზიცია. ჩვენ შევისწავლით საქმეს და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს მოთხოვნა ისევ გავაწითლოთ, თუ არა,"- თქვა დიღმელაშვილმა. 

აქცია "სირცხვილია" პარლამენტის წინ ხვალ, 5 ივლისს, ტრადიციულად 19:00 საათზე გაგრძელდება. 

ორგანიზატორების თქმით, ხვალ პარლამენტის შენობიდან ბიძინა ივანიშვილის სახლამდე ფართომასშტაბიანი მარში გაიმართება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აქციის მონაწილეები სოლოლაკში ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე მარშს მართავენ. 

ორ კვირაზე მეტია, პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი მართავს აქციას "სირცხვილია". თავდაპირველად, პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის გამო დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა მიტინგი ძალადობრივად დაშალა, მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქცია ოთხი კონკრეტული მოთხოვნით განაახლეს - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, მომდევნო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, გაათავისუფლონ 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულები და დაისაჯონ ის პოლიციელები, ვინც "გავრილოვის ღამეს" ძალას გადაამეტა.

ქართულმა ოცნებამ აქციებიდან რამდენიმე დღეში დააანონსა 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით, 0%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარება. ასევე, შსს-მ უფლებამოსილება შეუჩერა 10 სამართალდამცველს, ხოლო ორის ქმედებებში - სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები დაინახა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულები გაათავისუფლა. ამ ეტაპზე, დემონსტრანტების მოთხოვნა მხოლოდ გიორგი გახარიას გადადგომაა.

კომენტარები